ფეხბურთი

3:30 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარას ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, გოლი ნამდვილი 9-იანის სტილში გაიტანა"
"მნიშვნელოვანია, მან თავი გუნდში ინტეგრირებულად იგრძნოს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მონაკოსთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარას კარგად იცნობენ, მაგრამ ჯერ კიდევ დაკვირვების ფაზაში არიან, თუ რომელ პოზიციაზე ათამაშონ. თუმცა ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ კვარას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია.

„კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობთ, ფეხბურთის გულშემატკივრებიც. ჯერ კიდევ დაკვირვების ფაზაში ვართ, თუ სად უკეთესია მისი გამოყენება, ამიტომ თავისუფლად ვტოვებთ მოედანზე, როგორც ბრედლი ბარკოლას, მასაც შეუძლია ცენტრში და მარჯვნივ თამაში. ვცდილობთ ისინი მოედანზე საუკეთესოდ განვათავსოთ თამაშიდან გამომდინარე, იგივე ეხება დემბელეს, კან-ინ ლის, დუეს და სხვებს. მრავალმხრივობას ვეძებთ.

ხვიჩას ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მან გოლი ნამდვილი 9 ნომრის სტილში გაიტანა, მჭიდრო სივრცეში მარცხენა ფეხით, ეს ვნახეთ და მომავალშიც დაგვეხმარება. როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს, მნიშვნელოვანია, მას აგრძნობინო, რომ გუნდში ინტეგრირებულია“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, თავის გამოჩენა კი თითო გოლით და საგოლე პასით მოახერხა. ხვიჩა მესამე ქართველია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში გოლი აქვს გატანილი (გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის შემდეგ).

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

0.122826