ფეხბურთი

2:00 | 8.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული გოლი, პსჟ-მ "მონაკო" გაანადგურა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკო“ გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა პარიზული ანგარიში გახსნა, დიდებული გოლით, ჩვეულ სტილში: მცველი ჩამოიშორა და მეკარეს აჯობა. ეს 54-ე წუთზე მოხდა, როცა კვარამ პსჟ დააწინაურა (2:1). იქამდე პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს (ვიტინია-დენის ზაკარია).

კვარაცხელიას გოლი საკვანძო გამოდგა, ამის შემდეგ პარიზელთა უპირატესობა გაიზარდა, რაც უსმან დემბელეს დუბლში აისახა. ფრანგიც დიდებულ ფორმაშია, ზედიზედ მესამე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი ვერ შეასრულა, მაგრამ ბევრიც არ დაჰკლებია. კვარაცხელია მოედანზე 67-ე წუთამდე იყო, დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ გოლიდან ცოტა ხანში მისი სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, თავის გამოჩენა კი თითო გოლით და საგოლე პასით მოახერხა. ხვიჩა მესამე ქართველია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში გოლი აქვს გატანილი (გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის შემდეგ).

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

0.126042