რაგბი

12:00 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ მაქსიმალური შედეგით ლიდერობს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში პირველობა მე-4 ტურის შეხვედრებით განახლდა. ელიტის პირველ ჯგუფში ლიდერობას ‘ლელო’ აგრძელებს. ჩემპიონმა მაქსიმალურ 20 ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘ბათუმს’ 2 ქულით უსწრებს. ლიდერის მსგავსად აჭარლებმაც 4-ივე შეხვედრა მოიგეს და მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერთა დაპირისპირება იწვევს, რომელიც ბათუმში გაიმართება.

‘აკადემიამ’ მიჯრით მეორე მოგებითა და 9 ქულით მე-3 ადგილზე აინაცვლა და რუსთავის ‘ხარებს’ 1 ქულით გადაასწრო. 2 ნუგეშ-ქულით, მოუგებლად მყოფი ‘ფოთი’ ბოლოსწინა, მე-5 პოზიციაზე რჩება, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერ ‘წიქარას’ ჯერ სამატჩო ქულა არ მოუპოვებია.

მესამე მასივში, ჯგუფის ლიდერმა ‘ლელომ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ფავორიტის 11 დადებულ ლელოში აისახა. ჩემპიონის წარმატებას სათავე ფრთა ტატო ტალახაძის გატანილმა ლელომ დაუდო. ტალახაძემ და მისმა ორმა თანაგუნდელმა: ფულბეკმა ანდრია კუნჭულიამ და მარაქაფადან ჩართულმა ბურჯმა ნიკოლოზ გოგიშვილმა შემდგომში „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ხარები’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში შუამარბ დემე გიორგაძის გატანილი ლელოთი გადაურჩა - 65:7.

„რაგბი ჭალაში“, ‘წიქარამ’ ‘ბათუმს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. აჭარლები შეხვედრას პირველივე წუთებიდან აკონტროლებდნენ და აუტსაიდერს 7 უპასუხო ლელო დაუდეს. ბათუმელთა წარმატებას საფუძველი ჰავბეკ მათე ბოლქვაძის მიჯრით გატანილმა წყვილმა ლელომ ჩაუყარა, წერტილი კი მარბიელ გოგა ჭაღალიძის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ბათუმმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშითა და ბონუს-ქულით მოიგო - 43:0.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘ფოთის’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. „მხატვრებმა“ 2 ლელოს გატანა მოახერხეს. მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო ლელოს კვაჭ სანდრო გამყრელიძის დადებული ლელო მოჰყვა. გამყრელიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც იქნა მიჩნეული. მგეზავ ლუკა ჭაკუას 3 გატანილი ჯარიმითა და შუამარბ ალეკო გუჩუას გარდასახული ლელოთი კოლხებმა ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე „მხატვართა“ მგეზავ ნიკა ჩაჩანიძის გატანილმა ჯარიმამ ‘აკადემიას’ რთული გამარჯვება დააფიქსირა - 20:16.

მართალია, მე-2 ჯგუფში ორხელისუფლებიანობა დამყარდა, თუმცა ‘ხვამლს’ ცხრილში გატოლებულ ‘აიასთან’ მიმართებაში თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მუხიანელებმა და რიონისპირელებმა 15-15 ქულა დააგროვეს, რაც მდევარ ‘არმიას’ მონაგარს 2 ქულით აღემატება. ‘ლოკომოტივმა’ პირველი გამარჯვებით ბოლო ადგილს დააღწია თავი, 5 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე აინაცვლა. „რკინიგზელებმა“ 1 ქულით ‘აია’-2-ს გადაასწრეს. ჯგუფის აუტსაიდერად კი კინკილა ქულით, მოუგებლად მყოფი მარნეულის ‘არმაზი’ რჩება.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘ხვამლის’ შეხვედრა 50-ე წუთზე შეწყდა. ქომაგის გარკვეული ნაწილის (უმეტესად მატჩის მონაწილე მორაგბეთა მშობლები „აქტიურობდნენ“) უგვანო საქციელისა და ზღვარსგადასული აგრესიის გამო მატჩის მთავარ არბიტრ გიგი ირემაშვილის შეხვედრის შეწყვეტა მოუხდა, რომელიც როგორც მოთმაშეთა, ასევე გულშემატკივარის უსაფრთხოების მიზნით აღარ განახლებულა. მომხდარზე სრკ-ს ტრიბუნალი იმსჯელებს და ვერდიქტს საზოგადოებას უახლოეს მომავალში ამცნობს.

განვლილი შეხვედრა ‘ხვამლის’ სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. დავით ცხვედიანისა და რატი ურუშაძის შეგირდებმა მატჩის შეწყვეტამდე 5 ლელო გაიტანეს და სოლიდური უპირატესობაც მოიპოვეს - 31:10. მუხიანელთა კვაჭ ლუკა გორგოძეს „დუბლი“ ჰქონდა შესრულებული.

ქუთაისში, ‘აია’-‘აია 2’-ის რიონისპირულ დერბიში ასაკით უფროსი ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ პირველივე წუთებიდან სრული უპირატესობას ფლობდა, თანაქალაქელებს 5 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულით მოიგო. ფრთა ლუკა კლდიაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა. ლელოს გატანა ბურჯმა ჯეკო ტვილდიანმა, მხტომელმა საბა ჯინჭველაშვილმა და მარქაფადან ჩართულმა შუამარბმა ვახო ჭუმბურიძემაც მოახერხეს - 27:0. აღსანიშნავია, რომ ‘აია’-2-მა „მშრალი“ ანგარიშით მიჯრით მესამე შეხვედრა დათმო.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა 4-4 ლელო გაიტანეს. „რკინიგზელთა“ მარბიელმა მათე ბერუაშვილმა და ქვემო ქართლელთა შუამარბმა შოთა დიხამინჯიამ „დუბლი“ შეასრულეს. მატჩის დასკვნით მონაკვეთში ‘ლოკომოტივმა’ ბერუაშვილის გარდასახული ლელოთი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, თუმცა ბოლო წუთებზე დიხამინჯიას გარდასახულმა ლელომ ‘არმაზს’ ნუგეშ-ქულა არგუნა. ‘ლოკომოტივმა’ მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - 29:26.

RUGBY.GE

0.12456