კალათბურთი

11:37 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და “ა” ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს

საკალათბურთო “ა” ლიგის მე-4 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. გათამაშების ლიდერმა “რუსთავმა” “ვერას” უმასპინძლა და 90:77 (სტატისტიკა) დაამარცხა. რუსთაველებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს და მინიმუმ ხვალ, საღამომდე ერთპიროვნული ლიდერები იქნებიან. გოგა ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი “ა” ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს, თუმცა წაგების გემო არ იცის არც კასპის “გრიფინმა”, რომელიც ხვალ “სოხუმი-საქართველოს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში რუსთავს ცხრილის თავში კვლავ გაუთანაბრდება.

რაც შეეხება რუსთავულ მატჩს, “ვერას” მიმდინარე ჩემპიონატში 1 მოგება აქვს, ცხრილის ქვედა ნახევარშია და ერთ-ერთ ლიდერთან მატჩშიც ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდა. ეს მატჩის პირველმა პერიოდმაც გამოაჩინა. რუსთაველებმა გიგა პატაშურის მექულეობით ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და პირველი პერიოდი 28:16 მოიგეს.

ვითარება არც მეორე ათწუთეულში შეცვლილა – რუსთავს ფარქვეშ დომინიკ კეისის წყალობით არ უჭირდა. ამერიკელი ლეგიონერი თითქმის ყველა აცილებულს ხსნიდა და თავისიანებს ამით დიდ შეღავათს უკეთებდა. პერიმეტრიდან ქვემოქართლელებს არ უჭირდათ – კმდინ კარფმანი სამქულიანი სროლებით ასაზრდოებდა მასპინძლებს, მთლიანობაში კი “რუსთავი” გამუდმებით წინ იყო. ვერელებმა ერთადერთხელ, ისიც მცირე ხნით ჩამოაცილეს ჩამორჩენა 10-ქულიან ზღვარს.

რუსთაველებმა მეტოქეზე 11-ით მეტი ბურთი მოხსნეს და 9-ით მეტი სამქულიანი ჩააგდეს. ამით ყველაფერი ნათქვამია – თუ რატომ გაიმარჯვეს მასპინძლებმა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი გუგა პატაშური გახდა, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა ჰქონდა კარფმანს, ლუკა გიორგაძემ 15 ქულა და 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ყველაზე შედეგიანი კი დომინიკ კეისი გახლდათ – 9 ქულა, 20 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

ვერაში 22 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის დოლესი, რომელმაც 18 მოხსნაც მიითვალა. 14 ქულა დააგროვა შალვა მეუნარგიამ, 15 ქულა და 9 მოხსნა საბა ნარიმანიძემ მიითვალა. მე-4 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 7 თებერვალს თბილისი არენაზე გაიმართება.

GBF.GE

0.124603