ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას კომენტარზე ისაუბრა.
მანამ აღნიშნა, რომ იძულებული გახდნენ ხვიჩა კვარაცხელია გაეყიდათ, რადგან კლუბი თითქმის დააშანტაჟეს. თუმცა, პედულა ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან მარტივად იყო და არანაირ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.
„არავითარი შანტაჟი. მანამ 3 ნოემბერს თქვა: „კვარას დაკარგვა არ გვინდა, ახლა თუ ვერ განვაახლებთ კონტრაქტს, ზაფხულში გავაკეთებთ“. სპორტული დირექტორისგან ასეთ ინტერპრეტაციას ვერ მივიღებ. ამის შესახებ მან 3 ნოემბერს განაცხადა, თუმცა კვარამ ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყვიტა, რომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა, როდესაც მის აგენტს 5-6-ჯერ შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, მაგრამ უარი თქვეს. სიტუაცია მეტისმეტად მარტივი იყო: როდესაც 5-6-ჯერ ვერ აღწევ შეთანხმებას, ყველაფერი გასაგებია და ეს იმიტომ მოხდა, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ სეზონში ოსიმენს ხელფასი 11 მილიონამდე გაუზარდეს, ხოლო კვარას ისევ 1.3-1.4 მილიონს უხდიდნენ. ამის გასაგებად საჭირო არაა სპორტული დირექტორობა“, - თქვა პედულამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გაყიდა.