მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, რომ იოზუა კიმიხს კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით გარკვეულ დროს მისცემენ, მაგრამ სამუდამოდ ვერ დაელოდებიან.
კიმიხს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ უცნობია, მოახერხებს თუ არა „რეკორდმაისტერთან“ შეთანხმებას.
„იოზუა კიმიხი შაბათს 30 წლის ხდება. ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია თითქმის 10 წელია. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ცხოვრების პროექტი და რობოტები არ არიან. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ სამუდამოდ ვერ დაველოდებით. თუმცა, გვინდა მას გარკვეული დრო კიდევ მივცეთ მოსაფიქრებლად, რათა გადაწყვიტოს, არის თუ არა, „ბაიერნი“ ის კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება სურს, ეს ჩვენთვის მისაღებია. არ მინდა, ფეხბურთელის დარწმუნება კონტრაქტის განახლებაზე, მინდა, ამაში თვითონ დარწმუნდეს. ჩემთვის მიუღებელია მუშაობა ასეთ სტილში: „ორი დღე გაქვს, გააფორმე კონტრაქტი ან წადი“, რადგან შემდეგ ის მიპასუხებს: „კარგი, თუ ორი დღე მაქვს, ახლა ვერ გადავწყვეტ და კონტრაქტზე უარი უნდა ვთქვა“, - აღნიშნა ებერლმა.
შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 430 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი.