საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა. გუშინ გამართული 2 მატჩის შემდეგ დღესაც 2 შეხვედრა ჩატარდა და ახლა საბოლოო შედეგს, თუ რომელი გუნდები გავლენ ოთხთა ფინალში, მარტში გასამართი საპასუხო მატჩები გაარკვევს.
სერიის პირველი მატჩები მხოლოდ ნაწილია ერთიანი პროცესის, ხოლო საბოლოო შედეგი 2 მატჩის ჯამში დაითვლება. გუშინ თსუ-მ ფაქტობრივად გაინაღდა ოთხთა ფინალი, როცა ზესტაფონში “მარგვეთი” 22 ქულით დაამარცხა, ხოლო გორის “ივერიონს” საპასუხო მატჩში დიდი ამბები ელის, რადგან “ქუთაისი” 3 ქულით დაამარცხა და იმერეთის დედაქალაქში ამ უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ქუთაისელები 4 ქულით გამარჯვებას ეცდებიან, ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ.
დღეს გამართულ 2 მატჩიდან ერთში სრული გაურკვევლობაა. აჭარაში “ბათუმმა” 2 ქულით – 77:75 (სტატისტიკა) დაამარცხა გურჯაანის “დელტა” და ყველაფერი მეორე საპასუხო მატჩში გაირკვევა. გურჯაანელებმა შინ 3 ქულით თუ მოუგეს ბათუმელებს, ოთხთა ფინალში გავლენ. მეორე წყვილში ვსა დამაჯერებლად უგებდა “რაშს”, თუმცა საბოლოოდ 11 ქულით – 83:72 (სტატისტიკა) დაამარცხა და მიუხედავად რომ ოთხთა ფინალში გასვლის მეტოქეზე უკეთესი შანსი აქვს, საპასუხო მატჩში “რაში” თავისას მაინც ეცდება.
მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები მარტში გაიმართება. თარიღები რამდენიმე დღეში დაზუსტდება და გამოქვეყნდება.