ფეხბურთი

15:31 | 5.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორმა კვარაზე ბევრი ისაუბრა: "შანტაჟი ვიგრძენით, ჩვენთან დარჩენა არ სურდა"
"კვარა პსჟ-სთან ტრანსფერზე მაისიდან მუშაობდა, ყველაფერი გავაკეთეთ მის შესანარჩუნებლად"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იანვრის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა.

მან დეტალურად განუმარტა ჟურნალისტებს, რატომ მოუწიათ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა, რატომ ვერ შეცვალეს სათანადოდ, როგორ ვერ მოახერხეს ალეხანდრო გარნაჩოს ყიდვა და ა.შ.

პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ჟურნალისტებმა მანას ბევრი შეკითხვა დაუსვეს. როგორც მან თქვა, უბრალოდ არ სურდა კვარას „ნაპოლიში“ დარჩენა და როდესაც ვინმეს გუნდში დარჩენა არ სურს, მის შეჩერებას აზრი არ აქვს:

„მადლობას ვუხდით კვარას იმისთვის, რაც „ნაპოლიში“ გააკეთა, რაც ქალაქს მისცა. ივლისში ვცადეთ რთული სიტუაციის მოგვარება, ნოემბერშიც, დეკემბერშიც, მაგრამ იძულებული გავხდით, ამ სატრანსფერო პერიოდში გაგვეყიდა, რადგან არ ვიტყვი, რომ დაგვაშანტაჟეს, მაგრამ თითქმის. შესაბამისად, უნდა გაგვეყიდა. თქვეს, რომ ზაფხულში უნდა გაგვეყიდა ბალანსის გამო, მაგრამ ეს სიმართლე არაა. ტრანსფერამდე 20 დღით ადრეც ვცდილობდით კონტრაქტის განახლებას, შემდეგ კი, სატრანსფერო ბაზრის დინამიკამ და ფეხბურთელის სურვილმა განსხვავებულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა, როგორც თქვენ ამბობთ, როგორც ყველა ვამბობთ, მაგრამ ობიექტური ფაქტია ის, რომ „ნაპოლიმ“ იმუშავა ბაზარზე ადეკვატურად მის შესაცვლელად, რადგან ის სტატუსიდან გამომდინარე ალბათ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ვერ მოვახერხეთ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რადგან იანვრის სატრანსფერო ბაზარზე პარამეტრები განსხვავებულია, ბევრ ფეხბურთელს არ სურს შუა სეზონში გუნდის შეცვლა, ზოგიერთი ფეხბურთელის ფასი ჩვენს პარამეტრებში არ ჯდებოდა, განსაკუთრებით სახელფასო მოთხოვნები.

გარნაჩოდან ოკაფორამდე როგორ მივედით? არა მხოლოდ გარნაჩო და ადეიემი იყო ჩვენს სიაში, არამედ სხვებიც, რომელთა სახელები მედიაში არ გაჟღერებულა. გარნაჩოს მანამდეც შევხვდით, სანამ კვარა წავიდოდა, კარგი შეთავაზება გაუკეთეთ „მანჩესტერს“, ახლოს ვიყავით ტრანსფერთან, ფეხბურთელს სურდა პრემიერლიგის დატოვება იანვარში, მაგრამ სურდა ეკონომიკურად მისი დაკმაყოფილება, რაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია და არც გვინდა, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ გუნდში, სადაც საშუალო ხელფასებია, მოიყვანო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მაღალი ხელფასი ექნება, ეს არ არის სამართლიანი სხვების მიმართ, ვინც საქმეს კარგად აკეთებენ. კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს ერთი ტურნირისთვის, ეს მწვრთნელის და ფეხბურთელების დამსახურებაა. ადეიემის ტრანსფერზე „დორტმუნდთან“ შეთანხმება გვქონდა, იქ ვიყავი ჩასული, ვესაუბრე ფეხბურთელს, რომელიც არ ყო დარწმუნებული, რომ სურდა ახლა ჩვენთან წამოსვლა. წავიკითხე, რომ მას სხვა გუნდთან აქვს შეთანხმება ზაფხულისთვის, კარგია, თუ ასეა. ვფიქრობ, ფეხბურთელის დარწმუნება არ უნდა იყოს საჭირო „ნაპოლიში“ სათამაშოდ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან, ამ პირობებში. არაა საჭირო მუდარა, თუ გინდა, მოდი, თუ არადა, გამოდის, რომ ჩვენთვის საჭირო ფეხბურთელი არ ხარ. კვარას ტრანსფერიდან მიღებულ ფულს ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად გამოვიყენებთ. რაც შეეხება სენ-მაქსიმინს, ბიუროკრატიული პრობლემები იყო და შემდეგ „ალ-აჰლის“ ჰქონდა მოთხოვნები, რომელსაც ვერც ჩვენ და ვერც „ფენერბაჰჩე“ ვაკმაყოფილებდით. სამწუხაროა, რადგან უფრო ადრე შეგვეძლო მსგავს პროფილზე მუშაობა და არა ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ და დრო დაგვაკარგვინეს. დრო სწრაფად გადის, მატჩები იყო, იანვარში დიდი ინვესტიციები მხოლოდ „სიტიმ“ და პსჟ-მ განახორციელეს, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენს შორის ფინანსურად დიდი სხვაობაა. „მილანმა“ ხიმენესი იყიდა, მაგრამ სხვა 40-50-60 მილიონიანი ტრანსფერები არ მინახავს, ეს ფაქტია, „იუვენტუსმაც“, რომელსაც მცველი სჭირდებოდა, მხოლოდ კალულუს ტრავმის შემდეგ მოახერხა მცველის დამატება.

კვარა პსჟ-სთან მოლაპარაკებებს გასული წლის მაისიდან აწარმოებდა. ჩვენ ერთი შეთავაზება მივიღეთ ორ ფეხბურთელზე, მაგრამ არ გვინდოდა კვარას დაკარგვა გასულ ზაფხულს, რთული სეზონის შემდეგ, რათა გვეჩვენებინა ძალა, რომ რთული სეზონის მიუხედავად საუკეთესო ფეხბურთელი შევინარჩუნეთ. შემდეგ 6 თვის განმავლობაში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, მერწმუნეთ, მაქსიმუმი ვცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მისი დარწმუნება და დავასრულეთ ოპერაცია, რომელზეც შეთავაზება 1-ელ იანვარს მოვიდა.

კვარასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობა წინა წლებში შეიძლებოდა, ეს დაგვიცავდა ყველა იმ დინამიკისგან, რომელიც იყო ბოლო პერიოდში და გვაიძულა მისი გაყიდვა. თუმცა, როცა ვინმეს წასვლა სურს, ძნელია დაარწმუნო, რომ დარჩეს. შეიძლება ერთხელ, ორჯერ სცადო დარწმუნება, მაგრამ თუ წასვლა სურს, რატომ არ უნდა გაუშვა? რატომ? ახლა მე თქვენ გისვამთ შეკითხვას... ვინც გუნდშია, უნდა სურდეს აქ ყოფნა, იშრომოს, მწვრთნელს მიჰყვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგი არ იქნება. ეს ასეა, არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა კლუბში. აზრი არ აქვს იმ ურთიერთობის გაგრძელებას, რაც არაფერს მოგცემს. ადამიანს ვერაფერს აიძულებ, ცოლ-ქმარიც კი შორდებიან. ვისაც არ სურს დარჩენა, შეთავაზება უნდა მოიტანოს და შეუძლია წავიდეს. ჩვენ ვცადეთ, მწვრთნელმაც ყველაფერი გააკეთა, თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, ასე უნდა მომხდარიყო. საკმარისია, მორჩა, კვარაზე ფიქრი არ უნდა გავაგრძელოთ... მომავალში მსგავსი დონის ფეხბურთელი იანვარში რომ დავკარგოთ, ამისთვის საჭიროა დროულად კონტრაქტის განახლება ან გაყიდვა და სწორად ჩანაცვლება.

გეთანხმებით, კვარა უნდა შეგვეცვალა, რაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც გვინდოდა და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, არაფერს გავურბივად, მაგრამ გასულ ზაფხულს ბაზარზე ცოტა შეცდომა დავუშვით და გუნდი ამას ამტკიცებს, რომელმაც 23 ტურში 54 ქულა მოიპოვა. არც მე ვარ კმაყოფილი, რომ კვარა სათანადოდ ვერ შევცვალეთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი კიდევ იქნება, "ნაპოლი" ამით არ დასრულებულა, ეს „ნაპოლი“ მხოლოდ დადებით სიტყვებს იმსახურებს, რასაც გუნდი აკეთებს, არავინ ელოდა”, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

0.122786