„ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის შეძენა სტამბოლის „გალათასარაის“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და ალფრედო პედულა ავრცელებენ.
ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თურქეთში 11 თებერვლამდე ღიაა, შესაბამისად, თურქულ კლუბებს ფეხბურთელების დამატება შეუძლიათ. „გალათასარაი“ ბაზარზე ცენტრალურ მცველს ეძებს და ერთ-ერთი ვარიანტი გოგლიჩიძეა.
„გალათასარაი“ იტალიაში და განსაკუთრებით „ემპოლიში“ იყურება შემადგენლობის გასაძლიერებლად. მათ გოგლიჩიძე სურთ, რომელიც მიუხედავად ბევრი მოთხოვნისა, ტოსკანაში დარჩა. კლუბებს შორის კონტაქტი დღესაც იყო, „ემპოლიმ“ დაბლოკა თურქების პირველი შეთავაზება, რადგან იტალიაში ბაზარი დახურულია და მისი შემცვლელი არ ჰყავს. თუმცა, გამორიცხული არაა, ოქან ბურუქის გუნდი გოგლიჩიძეს მიუბრუნდეს“, - ვკითხულობთ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდზე.
ალფრედო პედულა კი, თავის საიტზე წერს: „ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძის სიტუაცია ისევ დელიკატურია. „გალათასარაი“ ცენტრალურ მცველს ეძებს, სიაში სამი-ოთხი ფეხბურთელია, მათ შორის გოგლიჩიძე. ყველაფერი „ემპოლის“ გადასაწყვეტია, რომელიც სერია A-ში დასარჩენად იბრძვის“.
საბა გოგლიჩიძე ძალიან ახლოს იყო „რომაში“ 10 მილიონ ევროდ გადასვლასთან, მაგრამ ბოლო დეტალებზე კლუბები ვერ შეთანხმდნენ და ეს ტრანსფერი ჩაიშალა. უფრო დიდი შანსია, რომ გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონს „ემპოლიში“ დაასრულებს, ხოლო ზაფხულში ძლიერი იტალიურ კლუბში გადავა, მით უფრო, ინტერესი არ აკლია, „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „მილანი“ აქტიურად აკვირდებიან. მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძემ 20 მატჩი ჩაატარა.