„ნაპოლიმ“ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ნოა ოკაფორი დაიმატა. ეს ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
24 წლის შემტევი ნეაპოლელებს იჯარით შეუერთდა, ხოლო მისი გამოსყიდვა კლუბს 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
ოკაფორი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელია - სწორედ ქართველის წასვლით გაჩენილი სივრცე უნდა შეავსოს. ანტონიო კონტეს ჯერ ალეხანდრო გარნაჩოს, შემდეგ კარიმ ადეიემის და ბოლოს ალან სენ-მაქსიმინის დამატება სურდა, მაგრამ „ნაპოლიმ“ მიზანს ვერ მიაღწია.
საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე „ნაპოლიმ“ ოკაფორი ინათხოვრა, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ „ლაიფციგში“ გადადიოდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
ნოა ოკაფორი „მილანმა“ 2023 წელს დაიმატა და მას შემდეგ 24 წლის ფეხბურთელმა 53 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ოკაფორი „ბაზელსა“ და „ზალცბურგში“ თამაშობდა.