ტურინის „იუვენტუსმა“ „ნიუკასლ იუნაიტედიდან“ ცენტრალური მცველი ლოიდ კელი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გლეისონ ბრემერის, ხუან კაბალის და პიერ კალულუს ტრავმების შემდეგ ტურინელებს ცენტრალური მცველის შეძენა მოუწიათ. კელი „იუვეს“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულება ჯამში დაახლოებით 20 მილიონი ევროა.
კელი „იუვენტუსის“ მეოთხე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში რანდალ კოლო მუანის, ალბერტო კოშტას და რენატო ვეიგას შემდეგ.
ლოიდ კელი „ნიუკასლს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ინგლისელი ფეხბურთელი „ბორნმუთსა“ (141 მატჩი, 3 გოლი) და „ბრისტოლში“ თამაშობდა.