„ემპოლი“ და „რომა“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ „რომა“ „ემპოლის“ იჯარისთვის 1 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ზაფხულში ქართველ მცველს გამოისყიდის და ტოსკანელთა ბიუჯეტში 9 მილიონ ევროს გადარიცხავს. შესაბამისად: გოგლიჩიძე „რომას“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, ტრანსფერის საფასური კი, ჯამში 10 მილიონი ევრო იქნება. საბა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობდა, რომელსაც 500 000 ევროს სანაცვლოდ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა. გასული სეზონის მეორე ნახევრის სათადარიგო სკამზე გატარების შემდეგ გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა და სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთელით „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ატალანტაც“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ, „რომამ“ ყველას აჯობა. რომაული კლუბი სერია A-ში 31 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე თამაშობს, რომლის 1/16-ფინალში სულ მალე ორმატჩიან დუელში „პორტუს“ დაუპირისპირდება.
მარჯვენა და ცენტრალური მცველების გათვალისწინებით, გოგლიჩიძეს დიდი კონკურენცია ელოდება, რადგან რომაში თამაშობენ მატს ჰუმელსი, ზეკი ჩელიკი, დევინ რენში, ევან ნდიკა, ჯანლუკა მანჩინი.
ტრანსფერი ოფიციალურად 3 თებერვალს დადასტურდება, რადგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სწორედ დღეს იხურება.