საკალათბურთო სამყარო შოკისმომგვრელი ინფორმაციის გაოფიციალურების მოლოდინშია. ბევრი კითხულობს, „დღეს პირველი აპრილია“? - თუმცა, დღეს 2 თებერვალია და ლუკა დონჩიჩი კარიერას არც მეტი, არც ნაკლები „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს. სლოვენიელი მალე მეფესთან ერთად ითამაშებს.
ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს. წყარო წერს, რომ კალათბურთელი ენტონი დევისში გაცვალეს, რომელსაც მაქს კრისტი და 2029 წლის I რაუნდის პიკიც დაემატა. ხოლო დონჩიჩს მაქსი კლებერი და მარკიფ მორისიც გამოყვა.
თავის მხრივ „ლეიკერსისთვის“ ენტონი დევისი უდავო ლიდერი იყო, რომლის საშუალო სტატისტიკური მონაცემები მიმდინარე სეზონში შემდეგნაირია: 42 მატჩი, 25.7 ქულა, 11.9 მოხსნა, 3.4 შედეგიანი გადაცემა და 2.1 დაფარება.
თუმცა, ლოს ანჯელესელებისთვის ლუკას დამატება სერიოზული წინსვლის მიზეზი გახდება. 25 წლის კალათბურთელი „დალასის“ რიგებში 7 წელი თამაშობდა და გუნდის ძირითადი ხერხემალი იყო. მან გასულ წელს გუნდი NBA-ფინალში გაიყვანა. ლუკა მიმდინარე სეზონში 28.1 ქულას, 8.3 მოხსნას და 7.8 პასს აგროვებდა.