„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ გამარჯვების (5:2) შემდეგ ისაუბრა.
მან ვრცლად ილაპარაკა უსმან დემბელეზე, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. თუმცა, ლუის ენრიკე ფიქრობს, რომ დემბელეს შედეგიანო გუნდის დამსახურებაა.
„ბრესტის“ წინააღმდეგ თამაში რთულია, კარგად ორგანიზებული გუნდია, პრესინგს კარგად თამაშობს და იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.
უსმან დემბელე მართლაც კარგ ფორმაშია, მაგრამ ასევე უნდა გამოვყოთ ის პასები, რომლებიც მან მიიღო, განსაკუთრებით ბარკოლასგან. რამოშმაც ორი გოლი გაიტანა, ჩვენი ყველა შემტევი კარგ ფორმაშია, შეცვლაზე ვინც შედის, ყველა კარგად თამაშობს. მართალია, დემბელემ ზედიზედ ორი ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ეს გუნდური მუშაობის შედეგი იყო და არა მხოლოდ ინდივიდუალური. როდესაც ყველა გუნდურად თამაშობს, შედეგიც მოდის. უსმანი თავდაჯერებულია და განსხვავებას ქმნის.
ჩემპიონთა ლიგა განსხვავდება ლიგა 1-ისგან. იქ ყოველი შეცდომისთვის შეიძლება დაისაჯო. ვიცით, რომ ერთი ფრანგული კლუბი ნამდვილად გავა შემდეგ ეტაპზე, „ლილი“ და „მონაკოც“ კარგი გუნდები არიან და შეუძლიათ, ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წავიდნენ. ფრანგულ კლუბებს მაღალი დონე აქვთ და ამ ეტაპზე 4 კლუბის ნახვა პასუხია იმ კრიტიკის, რომელიც ზოგიერთი ექსპერტის მიერ ლიგა 1-ის მიმართ ისმის“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ ძალიან დამაჯერებლად, 50 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 7 თებერვალს, „მონაკოს“ უმასპინძლებს. აქვე ვთქვათ, რომ პსჟ და „ბრესტი“ სულ მალე, 11 და 19 თებერვალს, ორჯერ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში.