საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბრესტს“ ესტუმრა, რომელიც 5:2 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის გმირი უსმან დემბელე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ფრანგი საოცარ ფორმაშია, ბოლო ორ მატჩსა და 3 დღეში ორჯერ გაიფორმა ჰეთ-თრიქი... უსმანმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე „ბრესტმა“ დელ კასტილიოს გოლით უპასუხა. თუმცა, 56-ე და 62-ე წუთებზე დემბელემ კიდევ ორჯერ გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა. 71-ე წუთზე მასპინძლებმა აჟორკეს გოლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს, 89-ე წუთზე კი, გონსალო რამოშმა დეზირ დუეს გადაცემით სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:5.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. მე-12 წუთზე კვარას შეეძლო სადებიუტო გოლი გაეტანა, მაგრამ ძალიან ახლო მანძილიდან დაუცველ კარში ვარდნაში ზუსტად ვერ დაარტყა. პსჟ-ს მეორე გოლში ხვიჩას დიდი წვლილია, რადგან მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, რასაც დემბელემ დაამატა და გაიტანა. ამ მომენტის შემდეგ ქართველი შემტევი ლუის ენრიკემ შეცვალა, ეს 58-ე წუთზე მოხდა. კვარაცხელიას ლიგა 1-ში ჩატარებულ 2 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია, ერთხელ კი საგოლე პასი მიითვალა.
აქვე ვთქვათ, რომ პსჟ და „ბრესტი“ სულ მალე, 11 და 19 თებერვალს, ორჯერ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ ძალიან დამაჯერებლად, 50 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 7 თებერვალს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.