ძიუდო

22:10 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაოს მედალი პარიზის გრანდ სლემზე

ძიუდოში სტარტი აიღო პარიზის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ერთმა მედალი მოიპოვა - ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ფრანგი ვენდ-იამ რომარიკ ბუდა და აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ დიაკი ბუბასთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწია, სადაც მურად ჩოპანოვს აჯობა და მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში თემურ ნოზაძემ ჟოაო ლოპესს და ნარმანდახ ბაიანმუნხს მოუგო, შემდეგ ფრანგ ვალიდ ხიართან დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უკვე ჩოპანოვთან განიცადა მარცხი და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა საწყისი შეხვედრა ამერიკელ ანჯელიკა დელგადოს მოუგო, შემდეგ იაპონელ მეგუმი ფუჩიდასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კიდევ ერთ იაპონელს, მიკა ადაჩის შეხვდა და გაიმარჯვა. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც ფრანგ ოფელი ველოცის შეხვდა და მარცხი განიცადა, შესაბამისად, მედალი ვერ მოიპოვა. 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი გამოდიოდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში იაპონელ კენტა სეკიმოტოსთან დამარცხდა.

73 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახბახაშვილმა ესპანელ ხორხე კანო გარსიასთან მოიგო, თუმცა შემდეგ აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. ამავე წონაში ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადეს სძლია, თუმცა შემდეგ ფრანგ მაქსიმ გობერთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩა.

2 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე კიდევ 8 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

0.122629