„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა მწვრთნელმა სატრანსფერო ბაზარზეც გააკეთა კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეცვალეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა:
„ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (კვარა - რედ) დავკარგეთ, რომელიც დღეისთვის არ შეგვიცვლია. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თვალებში ნაცარს ვერ შევიყრით, ყველას აზრით, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა, 70-75 მილიონ ევროდ. სხვა ფეხბურთელები, ვინც წავიდნენ, შევცვალეთ, მაგრამ კვარა დღეისთვის არ შეგვიცვლია. ვერავინ იტყვის კვარას წასვლით გავძლიერდით თუ დავსუსტდით, მაგრამ ობიექტურად შემადგენლობას ჩემპიონი ფეხბურთელი გამოაკლდა, რომელმაც სეზონის პირველი წრე ჩვენთან ითამაშა.
უკვე 4-5 თამაში ჩავატარეთ, რაც ის წავიდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როგორ გაიზარდა ჩემი გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში 53 ქულა არ ექნებოდა, იმდენი, რამდენიც გასულ სეზონში მთლიანად მოვიპოვეთ. ეს ბიჭების დამსახურებაა, სიხარულით მავსებს იმის ყურება, თუ როგორ მუშაობენ, აქვთ განვითარების სურვილი, ისინი ჩემს განკარგულებაში არიან. ამიტომაც, მე იმ შემადგენლობაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ჩემს განკარგულებაშია და არა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც აქ არ არიან“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, „ნაპოლი“ „ალ-აჰლიდან“ იჯარით ალან სენ-მაქსიმინის დამატებას აპირებს და სწორედ ფრანგმა უნდა შეცვალოს კვარაცხელია, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში. „ნაპოლი“ სერია A-ს 22 ტურის შემდეგ 53 ქულით ლიდერობს.