საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2025 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და შვეიცარიის ნაკრები 110:0 გაანადგურა.
რიჩარდ კოკერილის გუნდმა ძალიან დაჯაბნა ძალიან სუსტი, მეტიც, უსუსური მეტოქე, რომელსაც პროფესიონალურ რაგბისთან კავშირი ალბათ, ნაკლებად აქვს. ანგარიში ხომ ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 42:0 მოიგეს, მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში 16 ლელო დადო! სამჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანზე აფციაურმა უწია, ორ-ორჯერ იანიშვილმა, აფრასიძემ და ტაბუცაძემ, ხოლო თითოჯერ ჯაფარიძემ, კახოიძემ, სპანდერაშვილმა, ალანიამ, მატკავამ, საღინაძემ და ხაინდრავამ. 16-დან 15 გარდასახვა ზუსტი იყო და საბოლოოდ - 110:0.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში სარეკორდო სხვაობით მოპოვებული გამარჯვებაა. აქამდე, სარეკორდო იყო 2007 წელს, ჩეხეთთან მოგება ანგარიშით 98:3.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით გალიდერდა, მეორე ტურში კი, 8 თებერვალს, ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველო - შვეიცარია 110:0 (42:0)