„მილანი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გააქტიურდა და გუნდში რამდენიმე სიახლეა მოსალოდნელი.
პირველ რიგში კი, სანტიაგო ხიმენესის ტრანსფერი. მექსიკელი ფორვარდი სულ მალე მილანში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. „როსონერი“ „ფეიენოორდს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის.
როტერდამელებს მოუწიათ გუნდის ლიდერის გაშვება, რადგან ხიმენესის სურვილი „მილანში“ თამაში იყო. აღსანიშნავია, რომ სულ მალე, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მილანი“ სწორედ „ფეიენოორდს“ შეხვდება, მაგრამ ნიდერლანდურმა კლუბმა უშუალო კონკურენტი მაინც გააძლიერა.
სამაგიეროდ, „მილანს“ ალვარო მორატა დატოვებს, რომელიც სტამბოლის „გალათასარაის“ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება. ესპანელი სტამბოლში მალე იქნება, სადაც კონტრაქტს გააფორმებს.
გარდა ამისა, დიდი შანსია, „მილანმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ჟოაო ფელიქსი დაიმატოს, რომლის ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მილანელებს ცენტრალური მცველის შეძენა სურთ, რადგან ფიკაიო ტომორი შეიძლება „ტოტენჰემში“ გადავიდეს. "როსონერის" სიაში სხვა მცველებთან ერთად საბა გოგლიჩიძეცაა.
მიმდინარე სეზონში სანტიაგო ხიმენესმა ფეინოორდის შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 2022 წლიდან დღემდე 104 თამაშში 64 გოლით გამოირჩა.