კალათბურთი

13:22 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის მე-3 ტური გრიფინის და სოხუმი-საქართველოს გამარჯვებებით დასრულდა

“ა” ლიგის მე-3 ტური, რომელიც ხუთშაბათს რუსთავში დაიწყო, პარასკევს, კასპში დასრულდა. 31 იანვარს 2 მატჩი გაიმართა – დიმის არენაზე და კასპში. თბილისში “ვერამ” “სოხუმი-საქართველოს” უმასპინძლა და მე-4 პერიოდამდე უძალიანდებოდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 79:61 (სტატისტიკა).

პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო სასარგებლოდ. მესამე პერიოდში სოხუმი-საქართველო ოდნავ დაწინაურდა და ბოლო პერიოდის წინ უკვე 6 ქულით იგებდა. ვერას მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ მეოთხე პერიოდში ვერაფერი გააწყვეს. სოხუმი-საქართველომ ამერიკელი ლეგიონერების წინამძღოლობით 17:5 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა.

სოხუმელებს ტრევონტე ანდერსონმა 23 ქულით ულიდერა. 21 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ედვარდ ოლივერს, ვლადიმერ თავაქარაშვილმა 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ეს გახლდათ სოხუმი-საქართველოს პირველი გამარჯვება მიმდინარე “ა” ლიგაში. გუნდმა 1-2 ტურში თავისუფალი&აგრარულთან და რუსთავთან წააგო.

მე-3 ტური კასპში საოცარი მატჩით დასრულდა. საოცრება რა იყო? მასპინძელი “გრიფინი” თელავის “ბურჯთან” მე-3 პერიოდში 20 ქულით აგებდა და ამავე პერიოდში მოახერხა 3 ქულით წინ გასვლა. 45:65 ჩამორჩენიდან 7 წუთში კასპელები 72:69 დაწინაურდნენ. ანუ აღნიშნული მონაკვეთი 27:4 მოიგეს და კახეთიდან დიდ გულზე ჩასული თელაველები საბოლოოდ გატეხეს.

ამ წარმოუდგენელი გაქცევისას მოპოვებული 27 ქულა ასე გადანაწილდა: მონტეს მატისი – 16, ზებედი გრეჰემი – 6, ილაია ბიუქენენი – 5, მერაბ მირზიაშვილი – 2. აღსანიშნავია, რომ თელაველებს ლახვარი მატისმა ჩასცა, როცა 100 წამის ინტერვალში 11 ქულა (3 სამქულიანი და 2 საჯარიმო) ჩაუგდო. კასპელების ასეთი გაქცევის შემდეგ, “ბურჯმა”, რომლის წევრებიც მართლაც გმირულად იბრძოდნენ,თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ბოლო პერიოდის 22:29 წაგების შემდეგ შეხვედრაც დათმო – 94:102 (სტატისტიკა).

კასპში საკალათბურთო ბუმია. შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა – მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და გულანთებული კასპელი გულშემატკივრები დაესწრნენ, თუმცა საქებარია თელაველთა მხარდამჭერთა აქტიურობაზეც. “ბურჯს” კახეთიდან გულშემატკივართა ჯგუფი ჩაჰყვა, რომელთა წილიცაა იმაში, გუნდი პირველ ნახევარში ყველა კომპონენტში რომ ჯაბნიდა “გრიფინს”.

ყოველთვის ასეა, როცა რეგიონში ახალი გუნდი ყალიბდება და თან თამაშებს იგებს – არც მხარდამჭერი აკლია და არც პატივი. საქმე ისაა, თუ რამდენ ხანს გაჰყვება ქალაქს ეს მუხტი და რა გზით განვითარდება კასპში კალათბურთი. ამ გადმოსახედიდან “გრიფინი” სუპერლიგაშ გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. ის “ა” ლიგას 3-დან 3 მოგებით, კიდევ ერთ ძლიერ გუნდთან – “რუსთავთან” ერთად ლიდერობს.

“ა” ლიგის მე-4 ტურის მატჩები 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

GBF.GE

0.122028