ერთთვიანი პაუზის შემდეგ სუპერლიგა მეორე წრით გაგრძელდა. იანვარში გუნდებმა საკანდელიძე-ქორქიას მემორიალისა და საქართველოს თასის გათამაშების მატჩები მოილიეს და ქვეყნის ძირითადი, ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. 31 იანვარს მეორე წრის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა გურჯაანის “დელტას” უმასპინძლა.
ქუთაისი სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე სეზონშიც პირველობის ამბიცია აქვს. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც “დელტაა”, იმერული კლუბის გადმოსახედიდან აუცილებლობას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში ასეც მოხდა. ქუთაისელებმა გურჯაანული გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე – 95:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს.
სხვაობა დიდი არაა, თუმცა თამაშის სცენარი მასპინძელთა დომინანტობაზე მიუთითებს. არც ერთხელ დელტა წინ არ გასულა. მატჩის პირველი ბურთი რომ ჩააგდო, მას შემდეგ ქუთაისი მხოლოდ ლიდერი იყო. უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდა და როცა მესამე პერიოდის ბოლოსკენ ლიდერობამ 24 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედი საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში მასპინძლები გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ და მეორე წრე დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყეს.
ქუთაისელებს სამმა გიორგიმ – კორსანტიამ, სულაბერიძემ და ოჩხიკიძემ ულიდერა. პირველმა 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მეორემ – 18 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, ხოლო მესამემ 14 ქულა და 8 პასი. გურჯაანელთაგან 17 ქულით ბომბარდირი გახდა რიკარდო ლინჩი, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე კი 15 ქულა და 9 მოხსნაა.
სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი 2 მატჩი 1 თებერვალს, დიღმის არენაზე გაიმართება, ხოლო ტური 2 თებერვალს ტყიბულსა და გორში დაგეგმილი თამაშებით დასრულდება.
GBF.GE