რაგბი

12:52 | 1.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 5:10 ხვამლი

2024/25 წლების crocobet დიდი 10-ის გათამაშება მე-12 ტურის გადადებული შეხვედრით განახლდა. თბილისის ‘ხვამლი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ ეწვია და 10:5 გაიმარჯვა.

მასპინძელ ‘ყოჩებს’ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მე-6 წუთზე ქონდა, მაგრამ ლაშა მალაღურაძის შორეული ჯარიმა მიზანს ასცდა, მერე კი ორი სალელოვე შეტევა ვერ გამოიყენა. ‘ხვამლმა’ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენა, 28-ე წუთზე მოლს ჰამლეტ გოგია მოწყდა და ბოჭვის მიუხედავად წლის პირველი ლელო მიითვალა. ზურა ქობელაშვილმა გარდასახა.

თამაში რომ განახლდა ნიკა ცინცაძემ ხაზი გაჭრა და 60-მეტრიანი რეიდი სტუმართა მეორე ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და ცენტრში ბლოკირება დააფიქსირა. ტაიმის ბოლოს მალაღურაძე კარის წინ 10 მეტრში დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, ქობელაშვილმა კი მონაგარს 3 ქულა შემატა - 0:10.

მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო, თენგიზ პერანიძემ ბურთი ფეხით შეიცურა და მიყვა, მაგრამ უკვე ლელოში შესულმა ის ვერ დაიმორჩილა. ხანგრძლივი შეტევების შემდეგ ‘ყოჩებმა’ 52-ე წუთზე ლელო მაინც გაიტანა. მასპინძლებმა მარჯვენა ფრთაზე მეტობა გამოიყენეს და გურამ გოგიძის პასით 5 ქულა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა მიითვალა. გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 5:10 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ ცენტრი ზაურ ლუტიძე გახდა.

ამ მოგების შემდეგ ‘ხვამლს’ 30 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. ‘ყოჩებს’ მცირე სხვაობით მარცხისთვის 1 ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში 11-ით კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება.

2 თებერვალს, 15 საათზე, მე-11 ტურის გადადებულ მატჩში სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ ქუთაისის ‘აიას’ რუსთავში უმასპინძლებს.

RUGBY.GE

0.117553