საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის მიმართ იტალიური გრანდების ინტერესი სერიოზულია.
ტურინის „იუვენტუსის“ შემდეგ, რომლის ხელმძღვანელობას „ემპოლისთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ, საქმეში ბერგამოს „ატალანტა“ და „მილანი“ ერთვებიან.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „მილანი“ ფიკაიო ტომორის შემცვლელს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ, ლონდონის „ტოტენჰემში“ გადავა. „როსონერის“ სიაში საბა გოგლიჩიძე, ასევე, „ჯენოას“ მცველი კონი დე ვინტერი და „ვალენსიას“ მცველი კრისტიან მოსკერა არიან.
ალფრედო პედულა კი, იტყობინება, რომ ბერგამოს „ატალანტაც“ მიჰყვება გოგლიჩიძეს. „ატალანტას“ ორი ცენტრალური მცველი ჰყავს სერიოზულად დაშავებული: ოდილონ კოსონუ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ხოლო ჯორჯო სკალვინი მოედანზე 3 თვე ვერ გავა, რის გამოც ბერგამოელებმა მცველი უნდა დაიმატონ. ერთ-ერთი ვარიანტი გოგლიჩიძეა, ისევე, როგორც სტრაჰინია პავლოვიჩი („მილანი“) და ნიკოლა ბერტოლა („სპეცია“).
„ემპოლის“ არ სურს ქართველის გაყიდვა სეზონის შუაში, მაგრამ 10-15 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში, მას შეელევა. მოგეხსენებათ, ტოსკანელებმა საბა ერთი წლის წინ სულ რაღაც 500 000 ევროდ შეიძინეს. სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება, მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა და თითქმის ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშა.