ევროლიგის 24-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ 81:95 დამარცხდა, მაგრამ თორნიკე შენგელიამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა.
ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 35 ქულა დააგროვა! გარდა ამისა, თორნიკეს აქტივში 5 მოხსნა და 3 პასი იყო. შენგელიამ 14-დან 10 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. ცხადია, ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგალითად, ქულების რაოდენობით მარკო გუდურიჩი გახლდათ მეორე ადგილზე, რომელმაც სულ რაღაც 17 ქულა ჩააგდო, ხოლო „ვირტუსში“ შენგელიას შემდეგ ყველაზე შედეგიანი იზაია კორდინიე იყო 12 ქულით.
ბოლონიელები პირველივე პერიოდში 9 ქულით ჩამორჩნენ და სიტუაცია შემდეგ ვეღარ გამოასწორეს. შენგელიას ფანტასტიკური თამაშის მიუხედავად, „ფენერბაჰჩეს“ გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია.
„ვირტუსი“ ევროლიგაში 24 ტურის შემდეგ 7 მოგებით და 17 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 თებერვალს, „პარტიზანს“ უმასპინძლებს.