„ფამალიკაოს“ მთავარმა მწვრთნელმა უგო ოლივეირამ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, იცნობენ ფეხბურთელის შესაძლებლობებს და სჯერათ, რომ ის გუნდს გააძლიერებს:
„მამაგეიშვილს თვალს ვადევნებდით, ძალიან დინამიური ფეხბურთელია და ჩვენს გუნდს გააძლიერებს. გუნდი ახლა უფრო დაბალანსებულია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და შესაძლოა ცვლილებები კიდევ მოხდეს“, - თქვა ოლივეირამ.
ოთარ მამაგეიშვილი „იბერიას“ აღზრდილია და აქამდე სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. მან თბილისურ კლუბში 108 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 13 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
„ფამალიკაო“ პორტუგალიის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-12 ადგილზეა.