ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მასპინძელი და წყვილში ფავორიტი, არტურ რინდერკნეხი ორ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილი პირველ სეტში აბსოლუტური დომინანტი იყო და მეტოქეს გეიმიც არ დაუთმო, სეტი 6:0 მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნიკოლოზმა მეტოქეს 7:4 აჯობა და საბოლოოდ, ორ სეტში, 6:0, 7:6 გაიმარჯვა. ქართველს მეორე სეტის მიწურულს ექიმის დახმარებაც დასჭირდა ფეხზე მცირე პრობლემის გამო.
შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 7 ეისი მიითვალა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფრანგ ჩოგბურთელს 7 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად 178-ე ადგილზეა, მეოთხედფინალში რეიტინგის მე-10 ნომერს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 31 იანვარს, 21:30 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა ელოდება, ლაივ რეიტინგში უკვე 146-ე პოზიციაზე გადავიდა.