ფეხბურთი

1:59 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის საგოლე პასი, "ლიონმა" ისევ ვერ მოიგო, მაგრამ ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა (+VIDEO)

ევროპა ლიგის ფაზის ბოლო ტურში „ლიონმა“ „ლუდოგორეცს“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო - 1:1.

შედეგად, ფრანგული კლუბის მოუგებელი სერია უკვე 6 მატჩამდე გაიზარდა. სხვათა შორის, მატჩს ტრიბუნებიდან უყურა პაულუ ფონსეკამ, რომელიც ჩაიბარებს „ლიონს“.

გიორგი მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა და „ლიონის“ ერთადერთი გოლი მისი დამსახურებაა. 54-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქე კარგად დააპრესინგა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, საიდანაც პასის გაკეთება ამჯობინა და კორენტინ ტოლისოს გაატანინა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 78-ე წუთზე ბულგარულმა გუნდმა გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა. „ლიონმა“ ევროპა ლიგაზე 15 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა.

ევროპა ლიგას გამოეთიშა ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რფს“, რომელიც კიევის „დინამოსთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სილაგაძე მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა. „რფს“ 5 ქულით 32-ე ადგილზე გავიდა, მაგრამ ლატვიური კლუბისთვის მაინც დიდი მიღწევაა, ევროპა ლიგაზე ითამაშა, სადაც თვით ამსტერდამის „აიაქსის“ დამარცხებაც შეძლო. ოდიშარიამ ევროპა ლიგაზე ერთი გოლი გაიტანა, „გალათასარაის“ კარში.

0.115568