ფეხბურთი

23:45 | 29.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ვინ იცის, იქნებ, "შტურმში" კარიერის ბოლომდე დავრჩე"

ოთარ კიტეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კარიერის ბოლომდე გრაცის „შტურმში“ დარჩეს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მან ავსტრიულ მედიას უთხრა.

კიტეს „შტურმში“ გეგმები და მიზნები ჯერ კიდევ აქვს, თანაც, ავსტრიულ კლუბში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„გრაცში თავს კომფორტულად ვგრძნობ, შესაბამისად, გუნდი რატომ უნდა შევიცვალო? რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა ინტერესი, მაგრამ ასეა ყველა სატრანსფერო პერიოდში. ვერ ვიტყვი მომავალში რა შეიცვლება, იქნებ, სამუდამოდ აქ დავრჩე, ვინ იცის?

„შტურმში“ მაქვს მიზნები, მინდა ავსტრიის ჩემპიონის ტიტული დავიცვა, ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც. ტრავმებმა საბოლოოდ, უკეთესი ფეხბურთელი გამხადა. უკეთ გავიცანი ჩემი სხეული და ახლა ვიცი, რა სჭირდება მას და როგორ უნდა გავუმკლავდე დატვირთვებს.

ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის საინტერესო მოგზაურობა იყო, ბევრმა ჩვენგანმა ამ ტურნირზე პირველად ითამაშა. მეტი ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდით და ღირებული გამოცდილება მივიღეთ. „ლაიფციგი“ ტოპგუნდია, ვუყურეთ მათ ბოლო მატჩებს და გვინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას ვიმსახურებდით“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ორჯერ ავსტრიის თასი მოიგო და ერთხელ ავსტრიის ჩემპიონატი. 2023-2024 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ამ პერიოდში 208 მატჩში თავი 47 გოლით და 37 საგოლე პასით გამოიჩინა, მათ შორის, ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, „ლილის“ წინააღმდეგ.

0.129264