კალათბურთი

21:57 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის "ლეიმა კორუნიას" მარცხი და ბოლდუინის "ბასკონიას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ მადრიდის „რეალთან“ სტუმრად 74:90 დამარცხდა.

მადრიდელები პირველივე პერიოდში 17 ქულით დაწინაურდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ. ბურჯანაძემ 17 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 14 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1 თებერვალს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

„ბასკონიამ“ სტუმრად „ფორსა ლეიდა“ 78:74 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით მარცხდებოდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა 22 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ბასკონია“ 9 მოგებით და 9 წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 თებერვალს, „უნიკახას“ ესტუმრება.

0.118459