იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „მილანმა“ „პარმა“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
არადა, „როსონერი“ ძალიან ახლოს იყო წაგებასთან, როგორც მინიმუმ ქულების დაკარგვასთან. ქულების, რომელიც ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„პარმა“ „სან სიროზე“ „მილანს“ ორჯერ უგებდა, მათ შორის, 92-ე წუთამდე, მაგრამ საბოლოოდ, შინ მაინც უქულოდ დაბრუნდა.
მატეო კანჩელიერის ეფექტურ გოლს პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან პულიშიჩმა პენალტით უპასუხა, ხოლო მე-80 წუთზე ენრიკო დელ პრატომ „პარმა“ მეორედ დააწინაურა. „მილანი“ ცუდად თამაშობდა და თითქოს, ისევ უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ 6 წუთში მცირე სასწაული მოახდინა - თამაში მაინც მოიგო.
92-ე წუთზე ტიჯანი რეინდერსმა გაათანაბრა, 95-ე წუთზე სამუელ ჩუკვუეზემ გამარჯვების გოლი გაიტანა და „როსონერიმ“ 3:2 მოიგო.
„მილანმა“ 2025 წელს სერჟიო კონსეისაოს ხელმძღვანელობით მეოთხე თამაში მოიგო სიტუაციიდან, როცა აგებდა. ასე იყო იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსის“ და „ინტერის“ წინააღმდეგ, სერია A-ში „კომოს“ და „პარმას“ წინააღმდეგ.
„მილანი“ 34 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში „ინტერს“ უმასპინძლებს.
„მილანი“ – „პარმა“ 3:2 (1:1)
გოლები: 0:1 კანჩელიერი (24), 1:1 პულიშიჩი (38, პენ), 1:2 დელ პრატო (80), 2:2 რეინდერსი (90), 3:2 ჩუკვუეზე (90)