„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებენ.
მან არ უარყო ალეხანდრო გარჩანოსა და კარიმ ადეიემის მიმართ ინტერესი, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან დიდი თანხის გადახდას არც ერთ ფეხბურთელში არ აპირებენ.
„ვადასტურებ, რომ გარნაჩოს და ადეიემის მიმართ ინტერესი გვაქვს, ორივე ფეხბურთელი მოგვწონს, მაგრამ ჩვენს სიაში მხოლოდ ისინი არ არიან. ვეცდებით, შევაფასოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში გაჩნდეს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ისეთი თანხის გადახდას, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.
გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ და კვარა შევცვალოთ, რომლის წასვლა გარდაუვალი იყო, რადგან კლუბის დატოვება თავად სურდა. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრებს, უკან არ დავიხევთ, მაგრამ ახალ ფეხბურთელს მხოლოდ ჩვენთვის შესაბამისი პირობებით მოვიყვანთ“, - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გაყიდა. სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება, შესაბამისად, იტალიურ კლუბს დრო ჯერ აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ში 53 ქულით ლიდერია.