„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ცნობილ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელოდება კვარას წინააღმდეგ თამაშს და გამარჯვების იმედი აქვს:
- პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზია?
- არა, რადგან მასთან ხშირად ვსაუბრობ და ვიცოდი, რომ პარიზში მოდიოდა. ძალიან კარგია, ახლა საფრანგეთში სამი ქართველია, რომლებიც ნაკრებში ერთად ვთამაშობთ. ეს საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, სამივეს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
- მართლა ასე ახლოს ხართ კვარაცხელიასთან?
- დიახ. 10 წლიდან ვიცნობ. ბევრ კლუბში ერთად ვითამაშეთ, „დინამო თბილისის“ აკადემიაში, შემდეგ დავშორდით, მერე ისევ „რუბინში“ ერთად ვიყავით, „დინამო ბათუმში“ და ეროვნულ ნაკრებში. ძალიან ახლოს ვართ, ოჯახებით. ხვიჩა ჩემი შვილის ნათლიაა, ჩემთვის ძმასავითაა.
- როგორი ფეხბურთელია?
- პირველ რიგში, ის ნამდვილი პროფესიონალია. თავისი საქმე უყვარს. დიდ ენერგიას დებს ამაში და ეს ჩანს. ბევრს ვარჯიშობს, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მოედანზე ყველაფერს აკეთებს. მას შეუძლია გოლების გატანა და ორივე ფეხით თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეა, მარცხენა ფეხსაც კარგად იყენებს. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. თავისი კლასი აჩვენა „ნაპოლიში“ და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო 33-წლიანი ლოდინის შემდეგ. დარწმუნებული ვიყავი, რომ სერია A-ში წარმატებას მიაღწევდა.
- რამდენად დარწმუნებული ხართ ლიგა 1-ში მის წარმატებაში?
- დიახ, დარწმუნებული ვარ, ვიცი, რომ პსჟ-ს შეთავაზებას ეგრევე დათანხმდა. ამაზე ოცნებობდა. ლიგა 1 ძალიან კარგი დონის ჩემპიონატია, ხვიჩას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, რადგან ის მენტალურადაც ძალიან ძლიერია. ეს მას ყველაფერში ეხმარება.
- ადამიანურ დონეზე, როგორია?
- თბილი ადამიანია, ძალიან კარგი ხასიათით და ძალიან მხიარულია. როცა შვებულება გვაქვს, ყველა ერთად ვატარებთ დროს ცოლ-შვილთან ერთად. ბევრს ვთამაშობთ, განსაკუთრებით PlayStation 4-ს, ფიფას, მაგრამ ყოველთვის მე ვიმარჯვებ (იღიმის - რედ). თუმცა, ისიც სწავლობს ამ ვიდეო თამაშებს და ხანდახან იმარჯვებს. ჩვენ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ვირჩევთ ან „ლივერპულს“ და „მანჩესტერ სიტის“, „პარი სენ-ჟერმენითაც“ გვითამაშია. მაგრამ უფრო ხშირად მე ვუგებ.
- ასე რომ, მოუთმენლად ელოდებით 29-30 მარტის უიქ-ენდზე „სენტ ეტიენი“ - პსჟ-ს მატჩს?
- დიახ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასამარცხებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ძალიან ახლოს ვართ, მოედანზე ამ ყველაფერს ვივიწყებთ. ყველა თავისი გუნდისთვის თამაშობს. ეს გამოცდილება ერთხელ უკვე გვქონდა რუსეთში, მე ტულას „არსენალში“ ვიყავი, როდესაც ის ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა.
- და ვინ გაიმარჯვა?
- არ მახსოვს, რომელმა მოიგო. მან გოლიც გაიტანა, მაგრამ მგონი 3:0 ან 3:1 „რუბინმა“ მოიგო („რუბინმა“ 3:0 გაიმარჯვა 2021 წლის 30 ივლისს). ახლა საფრანგეთში ვითამაშებთ ერთმანეთის წინააღმდეგ.