„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა.
მოსალოდნელია, რომ პსჟ-ში კვარას დებიუტი სწორედ „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა პირდაპირ არ უთხრა ჟურნალისტებს ითამაშებს თუ არა, ქართველი შემტევი:
„როდესაც ფეხბურთელს ყიდულობ, იმიტომ, რომ გჯერა, ის გუნდს გააძლიერებს. არ ვიცი, როდის ითამაშებს, ეს ვარჯიშებზეა დამოკიდებული, გუნდში კონკურენციაც მაღალია. თუმცა, როდის დაიწყებს თამაშს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, რომ ის ჩვენთან დინამიკაშია, ხედავს, რას ვითხოვთ სხვა ფეხბურთელებისგან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ფიზიკურად კარგადაა, ვარჯიშებზე ვნახეთ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და მზადაა.
კვარა ბარკოლას კონკურენტია? მათ ერთად თამაში შეუძლიათ. ჩემს შვიდ შემტევ ფეხბურთელთან ბევრი განსხვავებული კომბინაციის გაკეთება შემიძლია. არ მგონია ვინმე იყოს ისეთი, ვინც ვერ ითამაშებს რომელიმესთან ერთად. უნდა ვნახოთ სინერგია ერთმანეთში, რას მოგვიტანს ეს ყველაფერი შეტევასა და დაცვაში, მაგრამ ყველა კომბინაციის გაკეთება შესაძლებელია.
კვარას შორეული დარტყმები ჩვენთვის დამატებითი იარაღი შეიძლება იყოს? შორიდან გოლის გასატანად საჭიროა ისეთი დარტყმა გქონდეს, როგორიც კვარაცხელიას, მარკო ასენსიოს, ვიტინიას აქვთ. ბევრი მოთამაშე მყავს, რომლებსაც შორიდან დარტყმა შეუძლიათ. კარგად ვიცნობთ კვარაცხელიას პროფილს, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვინდოდა მისი ყიდვა. შევისწავლეთ მისი თვისებები, რაც ჩვენს სათამაშო სტილთ შერწყმულია. ვეცდებით, გავაუმჯობესოთ ჩვენი ფეხბურთელები, ისეთი პირობები შევუქმნათ მოედანზე, რომ კარის წინ ხშირად დარჩნენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეიმსის“ მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.