ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში ლატვიურმა რფს-მა, სადაც ლაშა ოდიშარია თამაშობს, ამსტერდამის „აიაქსი“ დაამარცხა.
ეს ცხადია, მოულოდნელი შედეგია, მაგრამ ლატვიურმა კლუბმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. 78-ე წუთზე გამარჯვების გოლი ადამ მარხიევმა გაიტანა - 1:0. ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ლაშას ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, სტამბოლის „გალათასარაის“ კარში. ლუკა სილაგაძე სათადარიგო სკამზე იყო.
რფს 7 ტურის შემდეგ 5 ქულით 30-ე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 30 იანვარს, სტუმრად კიევის „დინამოს“ შეხვდება.
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „მანჩესტერის“ გამარჯვება ბრიტანულ დერბიში „რეინჯერსთან“. გუნდებმა გოლები გაცვალეს და შეხვედრა ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი ბრუნო ფერნანდეშმა შეაგდო და რუბენ ამორიმის გუნდმა 2:1 მოიგო.
რომის „ლაციომ“ „სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდა, თანაც დიდი ალბათობით, პირველი ადგილით.