„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერია, რომელიც ჯერ დაუმარცხებელია და საჭიროა მისი პატივისცემა. კონტემ ასევე ისაუბრა სატრანსფერო ბაზარზე შესაძლო გაძლიერებაზე:
„შემადგენლობის გაძლიერება ყოველ სატრანსფერო ფანჯარაში შეიძლება. კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, მე აქ იმიტომ მოვედი, რომ პრეზიდენტს და მის ოჯახს რთულ მომენტში დავხმარებოდი. კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ, ყველაფერი ძალიან ნათელია და ადრეც ვთქვი, გვყავს შემადგენლობა, რომლითაც კმაყოფილი ვარ, ამ ბიჭებთან ერთად ომში წასვლაც შემიძლია, თუ ვინმე მოვა, ხომ კარგი, დაგვეხმარება, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით ამ შემადგენლობით, რომლითაც კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანია სატრანსფერო ბაზარზე ფულის სწორად დახარჯვა. შარშან „ნაპოლიმ“ 100 მილიონის ტრანსფერები გააკეთა, მაგრამ ყველა ეს ფეხბურთელი იჯარით გავუშვით, ამიტომ, ფულის გადაყრა საჭირო არაა, ერთია ტრანსფერების გაკეთება და მეორე, ჭკვიანურად მოქმედება და ფულის სწორად დახარჯვა.
დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობენ, ზოგადად, მარცხი ცხოვრების ნაწილია. „იუვენტუსში“ 16 წელი გავატარე, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით, შარშან ჩვენზე ბევრად მეტი ქულა მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგაზეა, შესანიშნავი სატრანსფერო ბაზარი ჰქონდა, ტოპკლუბია, როგორც „ინტერი“ და „მილანი“, სამივეს დიდი ისტორია აქვს და პატივისცემა უნდა გვქონდეს, ვერ დავემალებით იმ ფაქტს, რომ „იუვენტუსის“ მიზანი ყოველ სეზონში მხოლოდ გამარჯვებაა.
„იუვესთან“ „ნაპოლისთვის“ განსაკუთრებული მატჩია? ასეთი იყო „ატალანტასთანაც“, „რომასთან“, „ვერონასთან“ მატჩებიც... უბრალოდ ისე უნდა მივუდგეთ თამაშებს, რომლებშიც მთავარი სამი ქულის მოპოვებაა, ეს არის მატჩები, რომლებიც თვითშეფასებაში გვეხმარება. „იუვე“ კერკეტი კაკალია, 21 ტურში ვერავინ დაამარცხა. კი, შეიძლება ბევრი ფრე აქვს, მაგრამ შეიძლებოდა რამდენიმე შეხვედრაში ფრის ნაცვლად მოეგო და ახლა ჩვენთან 13-ქულიან ჩამორჩენაში არ იქნებოდა. ვიმეორებ, ეს არის გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია”, - თქვა კონტემ, რომელიც „იუვენტუსში“ 1991-2004 წლებში თამაშობდა, ხოლო 2011-2014 წლებში მწვრთნელად მუშაობდა.
„ნაპოლი“ სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს და „იუვენტუსს“ 25 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება.