ფეხბურთი

19:51 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მიხარია, რომ კვარაცხელია ლიგა 1-ში გადმოვიდა"
"პირველ წრეს დადებითად შევაფასებ, მაგრამ მეტიც შემეძლო, სტაბილურობა მაკლდა"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ბევრ თემაზე ისაუბრა, როგორც მოახლოებულ მატჩზე, ისე ხვიჩა კვარაცხელიაზე, საკუთარ თავზე, „სენტ ეტიენსა“ და „ოსერთან“ პირველი წრის შეხვედრაზე, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა:

„პირველ წრეს დადებითად შევაფასებდი, შეიძლებოდა უკეთესი სტატისტიკის ჩვენება, უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება, მქონდა მომენტები, თუმცა ვფიქრობ, სტაბილურობა მაკლდა, რომ ყველა თამაში ერთ დონეზე მეთამაშა. თუმცა ამისთვის ბევრს ვვარჯიშობ და ვშრომობ, იმედი მაქვს, სტაბილურობა სეზონის მეორე ნაწილში უფრო მექნება და უფრო მეტად დავეხმარები გუნდს ჩემი კარგი თამაშით.

ახალი მწვრთნელი როცა მოდის გუნდში, თამაშის სტილი იცვლება. ეირიკ ჰორნელანი ჩვენგან ის უფრო მაღლა თამაშს, აგრესიულ თამაშს და პრესინგს ითხოვს, ეს ფეხბურთელებს გვეხმარება, რომ უფრო მეტი ხანი გვქონდეს ბურთი, რაც ჩემთვის და შემტევი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგია. როცა პრესინგზე ავდივარ, ასე რომ ვთქვათ, ბოლო მცველთან მიწევს თამაში და ბურთის მოპოვების შემთხვევაში კართან უფრო ახლოს ვარ, იქ, როცა ბურთს იღებ შემტევი ფეხბურთელი, კარგია, რადგან უფრო მეტი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რათა გუნდისთვის უფრო პროდუქტიული იყო.

რა თქმა უნდა, „ოსერთან“ ჰეთ-თრიქი საუკეთესო მოგონებაა, ყოველთვის მემახსოვრება, ჩემს გულში იქნება, მაგრამ ეს ახალი თამაშია, ახალი მწვრთნელი გვყავს, სხვა სტილით ვთამაშობთ. „ოსერმაც“ იმ მატჩის მერე ბევრი თამაში მოიგო. უფრო რთული თამაში იქნება, ვეცდები, რომ გოლები ისევ გავიტანო. რთული იქნება, მაგრამ ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ და ვეცდებით, ამჯერადაც გავიმარჯვოთ. გასვლაზე ვთამაშობთ, სხვა გარემო იქნება, მეტოქეც მოსაგებად გამოვა მოედანზე და წინა მატჩისგან ის განსხვავება იქნება, რომ ამჯერად უფრო მაღალი პრესინგით ვითამაშებთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში, როცა უფრო დაცვიდან ვთამაშობდით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. სტუმრად ცუდი შედეგები გვაქვს, მაგრამ გამოსწორებას ვაპირებთ და იმედია, რომ გამოგვივა. 3 ქულის წამოსაღებად ვითამაშებთ.

გამოვჯანმრთელდი. ფიზიკურად ახლა 100%-ით მზად ვარ. პარიზში ცოტა გამიჭირდა, რადგან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი, მაგრამ „ნანტთან“ დავბრუნდი კარგ ფორმაში და ახლა უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვარ.

ჩემზე არ მოქმედებს სტუმრად ცუდი შედეგები, სტადიონზე ყოველთვის მაქსიმუმის გასაკეთებლად გავდივარ და იმედი მაქვს, ამ თამაშში შეიცვლება ის სტატისტიკა, რაც გასვლით შეხვედრებში გვაქვს.

„ნანტი“ 11 კაცით დაცვიდან თამაშობდა, მეც ამიტომ ცოტა გამიჭირდა სივრცეები არ იყო. კარში დარტყმა, ბოლო პასი მაკლდა. ამისთვის ბევრს ვვარჯიშობ და იმედია, რომ ყველა თამაშს ერთ დონეზე ჩავატარებ.

რა თქმა უნდა, ვისაუბრე კვარაცხელიასთან, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთის ყველაფერი ვიცით და ყოველთვის გვაქვს საუბარი, ჩემი შვილის ნათლიაა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიგა 1-ში გადმოვიდა და ახლოს ვიქნებით ერთმანეთთან, ხშირად ვნახავთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. აქ რომ გადმოსულიყო და არა პსჟ-ში, ეს მისთვის არ მითქვამს (იღიმის -რედ)“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ოსერი“ – „სენტ ეტიენის“ მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.120981