„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
26 წლის ფრანგი „იუვეს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა და 20-ნომრიანი მაისური მოირგო.
„ტიაგო მოტასთან ძალიან დიდხანს ვისაუბრე, მან ამიხსნა თავისი ფილოსოფიის დეტალები და დამარწმუნა, რომ აქ გადმოვსულიყავი. მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას. პოზიცია? საკმარისია მოედანზე ვიყო, სად უნდა ვითამაშო, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ თუ უნდა ავირჩიო, ფორვარდის პოზიციაზე თამაში მირჩევნია. ვიცი, რომ იუვენტუსში ძალიან დიდი ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ზიდანი, პოგბა, პლატინი, მაგრამ მე ძალიან მომწონდა ტრეზეგე“, - თქვა კოლო მუანიმ.
შეგახსენებთ, რომ რანდალ კოლო მუანიმ პსჟ-ში 2023 წლიდან 54 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „აინტრახტში“, „ბულონში“ და „ნანტში“ თამაშობდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 27 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.