ფეხბურთი

1:54 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს შთამბეჭდავი ქამბექი "სიტისთან" და დიდი ნაბიჯი პლეი-ოფისკენ
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩს "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებიდან უყურა

„პარი სენ-ჟერმენმა“, სადაც ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა, ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ გადამწყვეტი მატჩი დრამატულ ბრძოლაში მოიგო და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ლუის ენრიკეს გუნდს ამ ტურამდე 7 ქულა ჰქონდა, 24 გუნდს მიღმა იყო და აუცილებლად უნდა მოეგო, რაც მოახერხა. თავიდანვე ვთქვათ, რომ კვარაცხელია ფაზის ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს, პლეი-ოფში თუ გავა პსჟ, მაშინ ქართველს შეიყვანენ განაცხადში და თამაშს მოახერხებს. ხვიჩა მეუღლესთან ერთად „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე იყო და მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნა თვალი.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი, დიდებული სანახავი გამოდგა. 50-ე წუთზე ანგარიში ჯეკ გრილიშმა გახსნა და „სიტი“ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში ერლინგ ჰოლანდმაც შეაგდო და სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს პსჟ-სთვის კატასტროფის მომასწავებელი იყო, მარცხის შემთხვევაში პარიზელთა შანსი ძალიან შემცირდებოდა.

თუმცა, ფრანგებმა ძალიან მალე, 8 წუთში გაიტანეს ორჯერ და გაათანაბრეს. ჯერ უსმან დემბელემ შეაგდო, შემდეგ ბრედლი ბარკოლამ. 78-ე წუთზე „სიტის“ ჟოაო ნევეშმაც გაუტანა და ანგარიში 3:2 გახადა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გონსალო რამოშმაც გაიტანა. ასე რომ, პსჟ-მ "სიტის" 0:2-დან 4:2 სძლია.

„პარი სენ-ჟერმენი“ 10 ქულით 22-ე ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად „შტუტგარტს“ შეხვდება, რომელიც ასევე 10 ქულით 24-ე საფეხურს იკავებს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 8 ქულით 25-ე საფეხურზეა. პეპ გვარდიოლას გუნდი ბოლო ტურში შინ „ბრიუგესთან“ თუ ვერ მოიგებს, პლეი-ოფს მიღმა დარჩება, ფრის შემთხვევაშიც...

პსჟ - „მანჩესტერ სიტი“ 4:2 (0:0)

გოლები: 0:1 გრილიში (50), 0:2 ჰოლანდი (53), 1:2 დემბელე (56), 2:2 ბარკოლა (61), 3:2 ნევეში (78), 4:2 რამოში (90)

0.116092