გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „ლიონს“ არ დატოვებს და სეზონს ფრანგულ კლუბში დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლომების“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა დაადასტურა.
სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საჟმა თქვა: „გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთელი მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება“.
მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველს აქტიურად სტამბოლის „გალათასარაის“ უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, გარიგება არ შედგა. აღსანიშნავია, რომ ახლა გავრცელდა ინფორმაცია „ფენერბაჰჩეს“ მხრიდან ინტერესის შესახებაც, თუმცა, „ლიონის“ თავკაცმა გუნდიდან ჟორჟის წასვლა სეზონის დასრულებამდე გამორიცხა.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.