ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის პირველ სათამაშო დღეს ძალიან საინტერესო მატჩები გაიმართა.
ყველაზე მაგარი თამაში ლისაბონში იყო, სადაც „ბენფიკამ“ და „ბარსელონამ“ ნამდვილი შოუ დადგეს. „ბარსამ“ მძიმედ დაიწყო თამაში პირველი ტაიმი 1:3 დათმო. მეორე ნახევარში ჯერ გუნდებმა გოლები გაცვალეს და 78-ე წუთამდე „ბენფიკა“ 4:2-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდმა მცირე სასწაული მოახდინა. რობერტ ლევანდოვსკის, ერიკ გარსიას და რაფინიას (ბოლო წამზე) გატანილი გოლებით 5:4 მოიგო! „ბარსელონა“ 18 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ უმასპინძლებს, ხოლო „ბენფიკას“ 10 ქულა აქვს და მე-18 საფეხურზეა, ბოლო ტურში „იუვენტუსს“ ესტუმრება.
კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიგო დრამატულ ბრძოლაში. დიეგო სიმეონეს გუნდმა 23-ე წუთიდან 10 კაცით ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს „ლევერკუზენი“ ჰინკაპიეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ სწორედ ჰინკაპიე მეორე ტაიმის სტარტზე გააძევეს და მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა. ამის შემდეგ ხულიან ალვარესის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „როხიბლანკომ“ გაიმარჯვა. „ატლეტიკო“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში „ზალცბურგს“ ესტუმრება. „ლევერკუზენი“ 13 ქულით მეექვსეა და წინ „სპარტასთან“ თამაში აქვს.
„ლივერპული“ ისევ უდანაკარგოა. არნე სლოტის გუნდმა 10-კაციან „ლილთან“ გაუჭირდა. მოჰამედ სალაჰის გოლს ჯონათან დავიდმა უპასუხა, თუმცა, გამარჯვების გოლი ჰერვი ელიოტმა გაიტანა და ინგლისელებმა 2:1 გაიმარჯვეს. „ლივერპული“ 21 ქულით ლიდერია და ბოლო ტურში პსვ ეინდჰოვენს ესტუმრება, ხოლო „ლილი“ 13 ქულით მე-11 ადგილზეა და ფაზის ეტაპს „ფეიენოორდთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს.
პსვ ეინდჰოვენმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 3:0ს ამარცხებდა. მეორე ნახევარში სერბებმა ორი ბურთი გაქვითეს, თუმცა ქულა მაინც ვერ გადაარჩინეს. პსვ 11 ქულით მე-16 ადგილზეა და „ლივერპულს“ უმასპინძლებს, ხოლო „ცრვენა ზვეზდა“ 3 ქულით 31-ე ადგილზეა და პლეი-ოფის შანსი დაკარგული აქვს, ბოლო მატჩს სტუმრად „იანგ ბოიზს“ შეხვდება.
ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „ბრიუგეს“ ძალიან უფერულ შეხვედრაში დაუზავდა, ლოგიკურად უგოლოდ. იტალიური გრანდი 12 ქულით მე-14 ადგილზეა და ბოლო ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლებს, ხოლო „ბრიუგე“ 11 ქულით მე-17-ეა და ბოლო ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.
გურამ კაშიას „სლოვანმა“ მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად შინ „შტუტგარტთან“ – 1:3. ქართველმა მცველმა გუნდს უკაპიტნა, 90 წუთი იყო მოედანზე და ყვითელი ბარათი მიიღო. „სლოვანი“ უქულოდ 35-ე ადგილზეა და ბოლო მატჩს „ბაიერნს“ ესტუმრება. „შტუტგარტს“ 10 ქულა აქვს და 21-ე ადგილზეა, ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა „ბოლონიამ“, რომელმაც „დორტმუნდს“ შინ 2:1 აჯობა. გერმანელებმა ტაიმი მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ორ წუთში ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. „ბორუსია“ კრიზისშია და ბუნდესლიგის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც მარცხი განიცადა. „ბოლონია“ 5 ქულით 27-ე ადგილზეა და ბოლო ტურში „სპორტინგს“ ესტუმრება, ხოლო „დორტმუნდს“ 12 ქულა გააჩნია და „შახტარს“ უმასპინძლებს.
„ატლეტიკო“ – „ლევერკუზენი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ჰინკაპიე (45), 1:1 ალვარესი (52), 2:1 ალვარესი (90)
„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ 4:5 (3:1)
გოლები: 1:0 პავლიდისი (2), 1:1 ლევანდოვსკი (13, პენ), 2:1 პავლიდისი (22), 3:1 პავლიდისი (61, პენ), 3:2 რაფინია (64), 4:2 არაუხო (68, ა.გ), 4:3 ლევანდოვსკი (87, პენ), 4:4 გარსია (87), 4:5 რაფინია (90)
„ბოლონია“ – „დორტმუნდი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გირასი (15, პენ), 1:1 დალინგა (71), 2:1 ილინგ ჟუნიორი (72)
„ბრიუგე“ – „იუვენტუსი“ 0:0 (0:0)
„ცრვენა ზვეზდა“ - პსვ ეინდჰოვენი 2:3 (0:3)
გოლები: 0:1 დე იონგი (17), 0:2 დე იონგი (23), 0:3 ფლამინგო (43), 1:3 ნდიაიე (71), 2:3 ჯიგა (77)
„ლივერპული“ – „ლილი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 სალაჰი (34), 1:1 დავიდი (62), 2:1 ელიოტი (67)
„სლოვანი“ – „შტუტგარტი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ლეველინგი (11), 0:2 ლეველინგი (36), 1:2 მეცოკო (85), 1:3 რიდერი (87)