„მანჩესტერ სიტიმ“ „ლანსიდან“ უზბეკი ფეხბურთელი აბდუკოდირ ხუსანოვი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მანჩესტერელებმა 20 წლის მცველში „ლანსს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ფეხბურთელს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
„მოხარული ვარ, რომ „მანჩესტერ სიტის“ შევუერთდი, რომლის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად თამაშს. რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ძალიან მიხარია, რომ მასთან მუშაობის და სწავლის შესაძლებლობა მექნება“, - თქვა ხუსანოვმა.
აბდუკოდირ ხუსანოვმა მიმდინარე სეზონში „ლანსის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ხუსანოვი პირველი უზბეკი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში ითამაშებს.
„მანჩესტერ სიტიში“ ასევე გადაწყვეტილია ვიტორ რეისის და ომარ მარმუშის ტრანსფერები, რომელთაც მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია. გარდა ამისა, პეპ გვარდიოლას გუნდი მარჯვენა მცველის და ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაზეც მუშაობს.