მილანის „ინტერმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „ემპოლის“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა და „ნაპოლის“ კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.
სიმონე ინძაგის გუნდმა მეტოქეს ლოგიკურია, რომ ყველაფერში აჯობა და გამარჯვება დიდად არ გასჭირვებია. ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რასაც დენზელ დუმფრისის გოლი მოჰყვა. „ემპოლიმ“ ბოლომდე გაბრძოლება სცადა, 83-ე წუთზე სებასტიანო ესპოზიტომ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. უფრო მეტიც, ცოტა ხანში მარკუს ტურამმა ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინა და მილანელებმა 3:1 გაიმარჯვეს.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მხოლოდ 66-ე წუთზე ჩართეს თამაშში და ურიგოდ ისევ არ გარჯილა. ქართველს სერია A-ში სულ 18 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ ცუდ ფორმაშია, 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია და 20 ქულით უკვე მე-14 ადგილამდე დაქვეითდა, 25 იანვარს კი, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
„ინტერი“ „ნაპოლის“ მდევარია და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს გამართული.