„მანჩესტერ იუნაიტედის“ კატასტროფას დასასრული აღარ უჩანს. რუბენ ამორიმს რომ ერიკ ტენ ჰაგზე უარესი შედეგები აქვს, ეს სიახლე არაა, სამაგიეროდ, სიახლეა ის, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ მორიგი მატჩი წააგეს, თანაც, ისევ „ოლდ ტრაფორდზე“.
„მანჩესტერს“ „ოცნებათა თეატრში“ „ბრაიტონმა“ აჯობა - 3:1. მინტეს, მიტომას და რუტერის გოლებს მასპინძლებმა ოდენ ბრუნო ფერნანდეშის პენალტით უპასუხეს. „მანჩესტერმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 5 მატჩიდან 4 მარცხი განიცადა. „ბრაიტონმა“ კი, სეზონში მეორედ აჯობა „იუნაიტედს“, ხოლო კონკრეტულად „ოლდ ტრაფორდზე“ ზედიზედ მესამედ მოიგო, რაც აქამდე პრემიერლიგაში მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ ჰქონდა გაკეთებული. „მანჩესტერი“ 22 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო „ბრაიტონი“ 34 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 10 თამაში წააგო.
გრძელდება „ნოტინგემ ფორესტის“ ზღაპარი, რომელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა შინ „საუთჰემპტონს“ აჯობა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან „სოტონი“ კოშმარულად ცუდად გამოიყურება, მხოლოდ 6 ქულა აქვს 22 ტურში და ლამის უკვე გავარდნილია!
„ნოტინგემმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ყველაფერი, როცა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ივან იურიჩის გუნდმა მეორე ნახევარში ორი გოლი კი გაქვითა, თუმცა, ქულა მაინც ვერ მოიპოვა. „ნოტინგემი“ 44 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „არსენალთან“ ერთად იყოფს, რაც მისთვის საოცარი შედეგია. „საუთჰემპტონი“ 6 ქულით უბრალოდ უიმედო ვითარებაშია.
დევიდ მოიესმა „ევერტონში“ დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში მოიგო. ლივერპულელებმა შინ ლონდონის „ტოტენჰემს“ 3:2 აჯობეს. „ევერტონმა“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, „დეზებმა“ ბოლოს ორი გოლი გაქვითეს, მაგრამ რეაქცია დაგვიანებული იყო. ანგე პოსტეკოღლუს გუნდი კატასტროფულ ფორმაშია და ბოლო 10 მატჩში მეშვიდედ დამარცხდა. „ევერტონი“ 20 ქულით მე-16 ადგილზეა, შორს არც ამბიციური „ტოტენჰემია“, რომელიც 24 ქულით მე-15 საფეხურზეა.
„ნოტინგემი“ – „საუთჰემპტონი“ 3:2 (3:0)
გოლები: 1:0 ანდერსონი (11), 2:0 ჰადსონ-ოდოი (28), 3:0 ვუდი (41), 3:1 ბედნარეკი (60), 3:2 ონუაჩუ (90)
„ევერტონი“ – „ტოტენჰემი“ 3:2 (3:0)
გოლები: 1:0 კალვერტ-ლიუნი (13), 2:0 ნდიაიე (30), 3:0 გრეი (45, ა.გ), 3:1 კულუშევსკი (77), 3:2 რიშარლისონი (90)
„მანჩესტერი“ – „ბრაიტონი“ 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 მინტე (5), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (23, პენ), 1:2 მიტომა (60), 1:3 რუტერი (76)