„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ატალანტასთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდი ძალიან გაიზარდა, ხოლო თავის ფეხბურთელებთან ერთად ომში წასასვლელადაც მზადაა, რადგან იცის, რომ ისინი არ უღალატებენ:
„ეს გუნდი ძალიან გაიზარდა, ორთვენახევრის წინ „ატალანტამ“ ნეაპოლში სამი გოლი გაგვიტანა და 3:0 მოგვიგო. დღეს განსხვავებული მატჩი იყო. გუნდი გაიზარდა, თუნდაც სირთულეების პირობებში, წინ მივდივართ ტრავმების და სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებული სიტუაციების მიუხედავად. სიტუაციების, რომელსაც ხარის მოკვლაც შეუძლია, მაგრამ ჩვენ ფეხზე ვდგავართ. მადლობა ამ ბიჭებს, რადგან როცა ბაზაზე მივდივარ, ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ სურთ იმუშაონ და საკუთარი თავი გააუმჯობესონ.
კვარაცხელიას შემცვლელი? გადაწყვეტილება კლუბზეა დამოკიდებული, მე არ ჩავერევი. თუ რამეს მკითხავენ, ვეტყვი, რასაც ვფიქრობ. თუ ვინმეს დავიმატებთ, გამოცდილი და მზა ფეხბურთელი იქნება, თუ არადა, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს და წინ წავალთ.
სუბიექტურად ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი: გავძლიერდით, არ გავძლიერდით, უკეთესები ვართ თუ უარესები. ობიექტურობა ისაა, რომ სკუდეტოს სეზონთან შედარებით „ნაპოლი“ საუკეთესო ფეხბურთელებმა დატოვეს: ოსიმენმა, კიმმა, კვარამ და ჟიელინსკიმ. რომ არ ჩავთვალოთ მარიო რუი, რომელიც იმ სეზონში ძირითადის წევრი იყო ან ელმასი, რომელიც შეცვლებზე დიდ როლს თამაშობდა. ახლა თავდახრილი უნდა ვიმუშაოთ, წუწუნის გარეშე. თუ კლუბი ვინმეს დაიმატებს, კმაყოფილი ვიქნები, თუ არადა, ამ კაცებთან ერთად ომშიც წავალ, რადგან ვიცი, რომ ისინი არასდროს მიღალატებენ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 50 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 25 იანვარს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.