რაგბი

16:00 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | მოწინავე სამეულმა იოლად მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება. 12 ტურის შემდეგ ‘ლელო’ ლიდერობას 51 ქულით აგრძელებს და მდევარ ‘აიას’ კვლავ 2 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციაზე მყოფი ‘ხვამლის’ აქტივში 46 ქულაა. სეზონში მე-6 მარცხის მიუხედავად, ‘არმია’ 27 ქულით მოწინავე კვარტეტში ადგილს მყარად ინარჩუნებს და მდევრებს 8 ქულით აღემატება.

‘ლოკომოტივი’ მიჯრით მეორე ურთულესი გამარჯვების შემდეგ ცხრილში რუსთავის ‘ხარებს’ გაუტოლდა. გუნდებმა 19-19 ქულას მოუყარეს თავი და ქვემო ქართლელები მე-5 საფეხურს უკეთესი პირისპირ ბალანსითღა ინარჩუნებენ. ბოლნისის ‘ყოჩები’ 15 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე განთავსდა. 8 ქულის მქონე ‘ბათუმი’ კი პირველობის აუტსაიდერად რჩება.

აღსანიშნავია, რომ „ვერცხლის“ ლიგის 2 წარმატებული გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გაირკვა. საჩემპიონო პლეი-ოფში რანგით მე-2 ლიგიდან ‘წიქარა’ და თელავის ‘ჭადარი-ვეფხვები’ ითამაშებენ. ‘წიქარა’ პლეი ოფში პირველი ადგილით მოხვდა და 1/4-ფინალში ელიტის მეორადგილოსანს დაუპირისპირდება. თელაველებმა „ვეცხლის“ ლიგა მეორე პოზიციაზე ჩაამთავრეს და პლეი ოფის პირველ რაუნდში პაექრობა „ოქროს“ ჯგუფის გამარჯვებულთან მოუწევთ.

‘ლელო’-‘არმიას’ დედაქალაქური დერბი ჩემპიონის არენაზე, მესამე მასივში გაიმართა. მართალია, პირველი ტაიმის შუაწელს ლიდერი ფრთა გოჩა ხურციძის გატანილი ლელოთი დაწინაურდა, თუმცა „არმიელები“ მრისხანე მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და მგეზავ ბექა წამალაიძის გარდასახული ლელოთი შესვენების წინ ჩემპიონის უპირატესობამ მხოლოდ 5 ქულა შეადგინა.

მეორე ტაიმში ‘ლელოს’ დამრიგებელმა ზურა ხორბალაძემ რიგი ტაქტიკური და საკადრო ცვლილებები განახორციელა, რაც მატჩის მსვლელობას მკვეთრად დაეტყო. ჩემპიონმა მეტოქეს მხოლოდ კინკილა ჯარიმა გაატანინა, საკუთრივ კი პირველი ნახევრის მონაგარს კიდევ 5 დადებული ლელო შემატა. მასპინძელთა კვაჭმა დავით ხიზანიშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო ჩემპიონის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მარბიელ იოსებ ღვინჯილიას გატანილმა ლელომ დააფიქსირა. ‘ლელომ’ სეზონის მე-10 გამარჯვებაც პრემიალური ქულის თანხლებით მოიპოვა - 44:10.

„აია არენაზე“, ‘აიას’ აუტსაიდერ ‘ბათუმთან’ პრობლემები არ შექმნია. რიონისპირელებმა აჭარლებს ტაიმებში 5-5 უპასუხო ლელო გაუნაწილეს და მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულითა და „მშრალი“ ანგარიშით მოიგეს - 64:0. ‘აიას’ წარმატებას სათავე მარჯვენა ფრთა გურამ ნუცუბიძის გატანილმა ლელომ დაუდო. ნუცუბიძემ შემდგომში „დუბლი“ გაიფორმა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი რიონისპირელთა მარცხენა ფრთა ავთო ზვიადაძე გახლდათ, ვინაც „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და მასპინძელთა ზედამაჯერებელი გამარჯვებაც სწორედ ზვიადაძის დადებული მესამე ლელოთი დაფიქსირდა.

‘ხვამლი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მშობლიურ „ხვამლი არენაზე“ დაუხვდა. სუსხიანი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, გუნდებმა მაღალ ტემპში, ლაღად იბურთავეს. ფავორიტმა მუხინელებმა ქვემო ქართლელებზე 5-ით მეტი, 8 ლელო გაიტანეს და მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს - 52:17. მასპინძელთა წარმატებას სათავე კვაჭ საბა კუმარიტოვის გატანილმა ლელომ დაუდო, ხოლო ‘ხვამლის’ ფრთა გიგა ყიფშიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც მისი მესამე გატანილი ლელოთი დაფიქსირდა. ‘ყოჩების’ მხრიდან კი „დუბლით“ ფრთა რეზი თევზაძე გამოირჩა.

„ლოკომოტივის“ ბაზაზე, ‘ლოკომოტივი’-‘ხარების’ შეხვედრა უაღესად დაძაბული გამოდგა. მატჩის დიდი ნაწილი ანგარიშში უპირატესობას ქვემო ქართლელები ფლობდნენ, რაც მათი მარბიელის გიორგი ზაზაძის დამსახურება გახლდათ. ზაზაძემ „ჰეთ თრიკი“ შეასრულა, სამივე გარდასახვა თავად გამოიყენა და მეორე ტაიმის შუაწელს ‘ხარების’ უპირატესობამ 13 ქულა შეადგინა.

შეხვედრის დარჩენილმა ნაწილმა კი „რკინიგზელთა“ გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა, რამაც ვახტანგ კავთიძის შეგირდთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ‘ლოკომოტივის’ შუამარბ ლეონიდე სალდაძის გატანილ ლელოს, მასპინძელთა მარბიელი კაპიტნის ლუკა ბიგანაშვილის დადებული ლელო მოჰყვა. „რკინიგზელთა“ მგეზავ ლუკა დემურაშვილის მიერ შესრულებულმა ზუსტმა გარდასახვებმა ‘ლოკომოტივს’ სეზონში მეოთხე და ზემნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა - 22:21.

RUGBY.GE

0.114839