ფეხბურთი

3:00 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელია ისეთ ხელფასს ითხოვდა, რომელიც ჩვენს პარამეტრებს სცდებოდა"
"კვარამ "ნაპოლის" ისტორია დაწერა, მაგრამ უკვე წარსულია, ტრანსფერი თავად მოითხოვა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა იმისგან, რისი შესაძლებლობაც კლუბს აქვს.

როგორც მანამ იტალიურ მედიას უთხრა, კვარამ თავად მოითხოვა გუნდის დატოვება, რაც „ნაპოლიმ“ დაუკმაყოფილა:

„რა თქმა უნდა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა რთულია, განსაკუთრებით ახლა, როცა ხვიჩა წავიდა და ცხადია, ჩვენგან რაღაცას ელოდებიან. მკაფიო იდეები გვაქვს, ვმუშაობთ. ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა, ვაფასებთ სიტუაციას, როგორ და სად ჩავერიოთ. ახლა აზრი არ აქვს გვარების დასახელებას, რადგან შეიძლება დღეს სიტუაცია კარგი იყოს, მაგრამ ხვალ აღარ.

ვცდილობდით კვარას კონტრაქტის განახლებას და სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ეს რთული იყო ფეხბურთელის მოლოდინისა და ჩვენი პარამეტრების გათვალისწინებით. გასულ თვეებში ვიმუშავეთ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ფეხბურთელის მკაფიო სურვილი იყო წასვლა, რაც დავაკმაყოფილეთ. ვმუშაობთ, როგორ უნდა შევცვალოთ, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ წარსულშიც წავიდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და მშვიდად ვართ“, - თქვა მანამ.

„ნაპოლის“ დირექტორმა ასევე ისაუბრა ტელეკომპანია Sky Sport-თან. მას ჰკითხეს, რას გულისხმობდა კვარაცხელია, როცა გამოსამშვიდობებელ ვიდეოში ფანებს უთხრა: „ერთ დღესაც ყველაფერს მოგიყვებით“. მანას ამაზე პასუხი არ აქვს:

„მას უნდა ჰკითხოთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ტრანსფერს ითხოვდა. გასულ კვირას თამაში არ სურდა, უარი თქვა. ვმუშაობდით კონტრაქტის განახლებაზე, რაც რთული იყო, მაგრამ ალბათ, ფეხბურთელის მოლოდინები და ჩვენი ბიუჯეტური შესაძლებლობები ერთმანეთს არ დაემთხვა. კვარამ „ნაპოლის“ ისტორიის მნიშვნელოვანი გვერდები დაწერა, თუმცა ახლა წარსულის ნაწილია და აწმყოსა და მომავალზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება“, - აღნიშნა იტალიელმა მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

0.116809