ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქოჩორაშვილმა 95-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. აღსანიშნავია, რომ მან „გრანადას“ პირველ წრეშიც გაუტანა.
„ლევანტე“ 39 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 იანვარს, ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ესტუმრება, ხოლო „გრანადა“ 34 ქულით მერვე საფეხურზეა და 26 იანვარს, ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში „ლიონმა“ „ტულუზს“ უმასპინძლა და მორიგი ცუდი თამაში აჩვენა.
მეხუთე ლიგის გუნდთან საფრანგეთის თასზე მარცხისა და გავარდნის შემდეგ პიერ საჟის გუნდმა ლიგა 1-შიც მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 0:0. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.
ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„ლიონი“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 იანვარს, „ნანტს“ სტუმრად დაუპირისპირდება.