ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში უშუალო კონკურენტ „ზანკტ პაულისთან“ მარცხი განიცადა.
ამ მატჩის წინ ორივე გუნდს 14-14 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, სასწორზე ბევრი რამ იდო, მაგრამ მასპინძლებმა ვერაფერი გააწყვეს და ორმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დამარცხდნენ.
ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჯერად საგოლე შანსი არ ჰქონია, ხოლო 77-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ზანკტ პაულიმ“ მეტოქეს თითო გოლი თითო ტაიმში გაუტანა და 2:0 გაიმარჯვა, რითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
„ჰაიდენჰაიმი“ 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზე დაქვეითდა, რადგან „ზანკტ პაულის“ გარდა, „ჰოფენჰაიმმაც“ მოიგო და 3 ქულით გაასწრო. ფრანკ შმიდტის გუნდი მომდევნო ტურში 25 იანვარს, „აუგსბურგს“ სტუმრად შეხვდება.