ფეხბურთი

2:30 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" კვარაცხელიას ემოციურად დაემშვიდობა: იტალიის მარადიული ჩემპიონი (+VIDEO)

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობა. წერილში უმეტესაც ხვიჩას ნეაპოლურ მიღწევებსა და სტატისტიკაზეა საუბარი.

სოციალურ ქსელში კი წერია: "იტალიის მარადიული ჩემპიონი. მადლობა, კვარა. 30 გოლი, 24 საგოლე პასი და უთვალავი დაუჯერებელი მომენტი ამ კლუბთან ერთად ისტორიის დასაწერად. მადლობა, ხვიჩა, ეს საოცარი მოგზაურობა იყო". "ნაპოლის" საიტზე ხვიჩას ემოციური ვიდეოკოლაჟით დაემშვიდობენ.

2022-2023 წლების სეზონიდან, როცა კვარა „ნაპოლიში“ გადავიდა, სერია A-ში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ქართველ შემტევს აქვს - 196.

კვარა ლიდერობს მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობითაც - 491, მეორე ადგილზეა შექმნილი საგოლე შანსებით (145), ასევე მეორე პოზიციას იკავებს დარტყმების რაოდენობით - 263, ხოლო კარში ზუსტი დარტყმებით მესამე პოზიციაზეა - 94. საუბარია, 2022-2023 წლების სეზონიდან დღემდე და მხოლოდ სერია A-ს მატჩებზე.

კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).

0.074858