„პარი სენ-ჟერმენის“ ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა მიზნებზე, შთაბეჭდილებებზე და პსჟ-ში გადასვლის განცდებზე.
- ხვიჩა, რას განიცდით, როცა უკვე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდით?
- ჩემთვის პატივის პსჟ-ს მაისურის ტარება. ჩემი ოცნება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაში. ეს დიდი სიამაყე და ოცნებაა. ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ.
- რატომ გადაწყვიტეთ აქ მოსვლა?
- პროექტმა დამარწმუნა აქ მოსვლაში. ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობენ აქ ფეხბურთელებთან. აქ ბევრმა დიდმა ფეხბურთელმა ითამაშა, ბევრი არ მიფიქრა, როცა პსჟ-ში გადასვლის შანსი გამიჩნდა.
- იცნობთ კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს?
- დიახ, ზოგიერთს ვიცნობ. ფაბიან რუისთან ერთად „ნაპოლიში“ ვთამაშობდი. ვიცნობ ჯიჯო დონარუმას, რომელთანაც აქ მოსვლამდე ვისაუბრე.
- ლუის ენრიკესთან მუშაობა მოგიწევთ...
- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი ფეხბურთელი გავხდები.
- რა მიზნები გაქვთ პსჟ-ში?
- მინდა ახალი გამოწვევები განვიცადო, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები. მინდა, ჩემი თავი გავაუმჯობესო, რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს და მაქსიმუმი გავიღო.
- პსჟ-ს ბაზა ნახეთ. როგორია შთაბეჭდილებები?
- წარმოუდგენელია. ყველაფერი გვაქვს, რომ დიდ შედეგებს მივაღწიოთ. ახალგაზრდებიც აქ არიან, მათ აქვთ ის, რაც საჭიროა წინსვლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და ასევე პროფესიული გუნდისთვის.
- რას ეტყვით ფანებს?
- მალე მინდა მათთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები ერთად დიდი ემოციების განცდას. მოხარული ვარ, რომ მათ გუნდში ვითამაშებ და მალე შევხვდებით.
კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შეადგინა.
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.
კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.
ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).